ფეისბუქის სქროლვისას, ხანდახან რთულია იმის გარჩევა, რომელი ამბავია ყალბი და რომელი ნამდვილი. მათი გავრცელება მხოლოდ სოციალურ მედიას და ტექნოლოგიების განვითარებას არ უნდა დავაბრალოთ. მათ შეთხზვასა და გავირუსებაში მთავარ როლს ხშირად მკითხველი ასრულებს, რადგან ყალბი ამბების რეალურისგან განსხვავება ხანდახან რთულია.

ამ პრობლემას ემატება მედიაც, როდესაც პირველი წყარო სოციალურ მედიაში გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს. შეიძლება იგივე ამბავი რომელიმე მაუწყებლობაში მოხვდეს, რაც დეზინფორმაციას კიდევ უფრო გლობალურს გახდის.

ყალბი ამბები ახალი გაჩენილი არაა. ის სათავეს ჯერ კიდევ ეგვიპტელი ფარაონების დროიდან იღებს. მაგალითად, რამზეს მეორე ძვ.წ. 1274 წლის ქადეშთან ბრძოლაში ხეთებზე გამარჯვებას ზეიმობდა, რომელიც ნახსენებია სხვადასხვა რელიეფსა და ეგვიპტურ ტექსტებში, თუმცა, როგორც ფრანგი მკვლევარი, ბერნარდ ჰიუჯი ამბობს, ეს "ნახევრად გამარჯვება" იყო. რეალურ წარმატებას აქ მისმა პროპაგანდამ მემატიანეების საფუძველზე მიაღწია.

რატომ ვკითხულობთ ყალბ ამბებს?

ფოტო: maas.museum

მხოლოდ იმის გამო, რომ ისტორიები კარგად ჟღერს, ეს მას რეალურ ამბად არ აქცევს. ადამიანები ინფორმაციის მუდმივი მაძიებლები ვართ — ვეძებთ იმიტომ, რომ მათ დაადასტურონ ის, რისიც უკვე გვჯერა.

ყალბი ამბების შემქმნელები და "გამსაღებლები" სწორედ ამ ინსტინქტზე თამაშობენ და ავრცელებენ ისეთ ისტორიებს, რისიც დაჯერებაც უმრავლესობისთვის სასურველია და რაც, საბოლოოდ, ტყუილს სინამდვილედ აქცევს.

მაინც რა აკავშირებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ყალბ ამბებს იჯერებენ და ავრცელებენ? საერთო ატრიბუტები ასე გამოიყურება:

  • გულუბრყვილო რეალობა — როცა მათ სჯერათ, რომ ობიექტური აზროვნება არსებობს სოციალურ თუ რეალურ სამყაროში;
  • ბრმა ლაქა — როცა სჯერათ, რომ ისინი ნაკლებად მგრძნობიარეები არიან სხვადასხვა ტენდენციის მიმართ, ვიდრე - სხვები;
  • გაზიარებული შეხედულებების გადაფასება — როცა ჰგონიათ, რომ სხვებსაც ზუსტად ისე სჯერათ რაღაცების, როგორც - მათ.

პირველ შემთხვევაში, ადამიანებს სჯერათ მათივე ობიექტურობის და იმის, რომ სანდო წყაროს ყალბი წყაროსგან განსხვავება მარტივად შეუძლიათ. ამ დროს ისინი პირველ შეცდომას უშვებენ. გარდა ამისა, მნიშვნელობა აღარ აქვს, ყალბია თუ არა ის ინფორმაცია, რომელიც თანხვედრაშია მათ შეხედულებებთან — მკითხველისთვის ის უკვე ჭეშმარიტად მართალია.

ადამიანებს საკუთარი ობიექტურობის უფრო მეტად სჯერათ, ვიდრე უნდა სჯეროდეთ. ამას ართულებს მცდარი ღირებულებების ერთმანეთთან გაზიარება. ასე ენიჭება ყალბს ამბავს ლეგიტიმურობა ადამიანების მხრიდან.

არის თუ არა საშიში ყალბი ამბები?

ზოგი ისტორია, მიუხედავად მისი სიმცდარისა, ხანდახან სასიამოვნოდაც ჟღერს, იმიტომ, რომ მისი მკითხველს მანამდეც სჯეროდა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მცდარი ამბები გაცილებით მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს.

პირველი საშიშროება სოციალურ მედიაში მყოფი ბოტებისგან მოდის, რომლებსაც საზოგადოების სრულიად სხვა მხარეს გადაყვანა შეუძლიათ. ეს ტაქტიკა, ხშირად, პოლიტიკური ამინდის შეცვლას ეხება და არჩევნების დროს გამოიყენება.

მათი მხრიდან საზოგადოებაში "ეჭვის დათესვა" და მასზე მანიპულირება ბოტების მხრიდან საკმაოდ მარტივი და ნაცადი მექანიზმია. ყალბი ანგარიშების და ე.წ. "ტროლების" იდენტიფიცირებისთვის DFR Lab-მა რამდენიმე კრიტერიუმი გამოყო:

  • სიხშირე — ბოტები სოციალურ მედიაში სხვებზე ხშირად აზიარებენ სხვადასხვა ამბავს. რაც უფრო მეტ ინფორმაციას ავრცელებენ, მით უფრო ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ მათ სანდოობას. მისი მიხედვით, დღეში 72 პოსტი უკვე საეჭვოა, ხოლო 144 პოსტზე მეტი - განსაკუთრებულად საეჭვო;
  • ანონიმურობა — ბოტებს არ აქვთ აღნიშნული პირადი ინფორმაცია. მსგავს ანგარიშებს ხშირად საერთო ტიპის პროფილის ფოტოები აქვთ, ან უბრალოდ პოლიტიკური ხასიათის შემცველი სლოგანები უწერიათ მოკლე ბიოგრაფიაში;
  • ამპლიფიკაცია — ბოტების თაიმლაინი უმეტესწილად სხვების პოსტებისგან, ან სიტყვა-სიტყვით გადმოკოპირებული ფრაზებისგან შედგება. მათი პირადი პოსტი კი საკმაოდ ცოტაა;
  • საერთო კონტენტი — ბოტების ქსელის იდენტიფიკაცია შესაძლოა იმითაც მოხდეს, რომ სხვადასხვა პროფილებს ერთმანეთისგან ერთი და იგივე პოსტი აქვთ გაზიარებული.

როგორ ავიცილოთ თავიდან ყალბი ამბები?

თანამედროვე ეპოქაში ძალიან რთულია ერთმანეთისგან ყალბი და ნამდვილი ამბები განვასხვავოთ. ერთ-ერთ კვლევაში რესპოდენტებს სთხოვეს, ერთმანეთისგან განესხვავებინათ სანდო და მცდარი ინფორმაცია. რესპოდენტთაგან მხოლოდ 19%-მა შეძლო მათ შორის განსხვავების აღმოჩენა.

კვლევამ აჩვენა, რომ ცდისპირთა დიდი ნაწილი საკმაოდ თავდაჯერებული იყო იმაში, რომ ყალბი ამბების ამოცნობა შეეძლოთ. რეალურად კი მათი გამოაშკარავება იმაზე მეტად რთულია, ვიდრე წარმოგვიდგენია.

არსებობს რამდენიმე ხერხი, რითიც მათი აღმოჩენა, ან, სულ მცირე, უგულებელყოფა შეგიძლია:

  • არ წაიკითხო ისეთი წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ყალბი ამბებითაა ცნობილი;
  • არ გაამახვილო ყურადღება ფეისბუქის ბოტებზე, რომლებიც მხოლოდ იმისთვის შეიქმნენ, რომ ყალბი ამბები წერონ ან გააზიარონ.
  • ინფორმაცია, რომელიც შენთვის ბევრის მომცემია და არ ხარ დარწმუნებული, რომ ნამდვილია, შეგიძლია გადაამოწმო factcheck-ზე.

დღეს საკმაოდ ცოტა დრო გვაქვს იმისთვის, რომ ყოველი ამბის სანდოობა გადავამოწმოთ. თუმცა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, ამბების კლასიფიკაცია ასე თუ ისე შესაძლებელია.