რამდენიმე დღის წინ გამართულ კონფერენციაზე Nvidia-მ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გასაოცარი პროგრამა წარადგინა, რომლის გამოყენებითაც რამდენიმე დაწკაპუნებით ფოტორეალისტური პეიზაჟების შექმნა შეიძლება.

პროგრამას GauGAN ეწოდება და ის ინჟინრებმა Nvidia-ს ნეირული ქსელების პლატფორმის შესაძლებლობების დემონსტრაციისთვის შექმნეს.

GauGAN-ს სამი ინსტრუმენტი გააჩნია: ვედრო, კალამი და ფანქარი. ეკრანის ქვედა ნაწილში კი განსხვავებული ობიექტების არჩევის პანელია, მაგალითად, თუ თქვენ აღნიშნულ პანელში ღრუბელს მონიშნავთ და ფანქრით ხაზს გაავლებთ, პროგრამა ხაზს ფოტორეალისტურ ღრუბლებად აქცევს, თუმცა ეს არ იქნება ღრუბლების წინაწარ გამზადებული ფოტო — პროგრამა თითოეულ შემთხვევაში უნიკალურ ობიექტს აგენერირებს.

ხოლო თუ ფანქრით წრეს შემოხაზავთ, შემდეგ კი ვედროთი მას სრულად გააფერადებთ, GauGAN დიდ და ფუმფულა ღრუბლებს დახატავს.

თუ ობიექტების პანელში ხის ფუნქციას აირჩევთ, შემდეგ კი ფანქრით ხის კონტურს დახატავთ, ალგორითმი თქვენს მიერ მოხაზულ ფორმას ხედ აქცევს, თანაც, თუ უბრალოდ სწორ ხაზს გაავლებთ, ამ შემთხვევაში მხოლოდ ხის ტანს მიიღებთ, ხოლო თუ ხაზს თავზე მომრგვალებულ ბურთს დაასვამთ, თქვენს ხეს ტოტები და ფოთლებიც ექნება.

GauGAN-ით ერთმანეთის იდენტურ შედეგებს ვერასდროს მიიღებთ, ალგორითმში ჩაშენებული მექანიზმების მეშვეობით, ერთი და იგივე სკეტჩის დახატვისასაც კი, გენერირებული სურათები ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება.

ფოტო: Nvidia

სურათების რეალურ დროში გენერირებისათვის ინჟინრებმა სპეციფიკური, ნეირულ ქსელებზე გათვლილი პროცესორი გამოიყენეს, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ გარკვეული მოდიფიკაციების შემდეგ პროგრამა მუშაობას ჩვეულებრივ კომპიუტერებზეც შეძლებს, თუმცა ამ შემთხვევაში ხაზის გავლების შემდეგ სურათის გენერირებას შესაძლოა რამდენიმე წამი დასჭირდეს.

ამჟამად პროგრამა საცდელ რეჟიმშია, დასახვეწია ობიექტებს შორის საზღვრის გენერირების საკითხიც.

Nvidia-მ ალგორითმის გასაწრთვნელად Flickr-ზე არსებული ერთი მილიონი ფოტო გამოიყენა. კომპანიის თქმით, პროგრამას ასეულობით ათასი სხვადასხვა ობიექტის გენერირება შეუძლია. პროგრამაში სეზონების არჩევაც შეგიძლიათ, მაგალითად, თუ ზამთარს მონიშნავთ, თქვენს ხეებს ფოთლები არ ექნება, ასევე აღსანიშნავია, რომ თუ ხის წინ წყლის გუბეს დახატავთ, მასში ხის ანარეკლიც გამოჩნდება.

პროგრამის გამოყენება მრავალი სხვადასხვა კუთხით შეიძლება. Nvidia მის გამოშვებას კომერციული სახით არ გეგმავს, თუმცა პროგრამა საჯაროდ ხელმისაწვდომი უახლოეს მომავალში გახდება.

ფოტო: Nvidi

გაიგეთ მეტი: