დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია აცხადებს, რომ პარლამენტარის ხელფასი უნდა გაიზარდოს. ეს განცხადება რომან კაკულიამ მაშინ გააკეთა, როცა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების 60 000-დოლარიან ხელფასზე კითხეს.

რომან კაკულიას თქმით, თუ პარლამენტარის ხელფასთან შედარებით საბჭოს წევრის ხელფასი არარელევანტურია.

"მაშინ დავფიქრდეთ ზოგადად, ადეკვატურობაზე პასუხისმგებლობის და ზოგადად საზოგადოების წინაშე მისაღები გადაწყვეტილებების ვალდებულებებზე. ვისაც არ შეუძლია პარლამენტარის ხელფასების გაზრდაზე საუბარი იმიტომ, რომ რაღაც მოტივაციები აწუხებს — მე მათ რიგში არ ვარ, მე ვსაუბრობ, რომ პარლამენტარის ხელფასიც უნდა გაიზარდოს და ამ შემთხვევაში მაშინ ესეც არ არის რელევანტური. საბჭოს წევრს არ უნდა ჰქონდეს მაშინ ეს ხელფასი და მაშინ აქაც უფრო რელევანტურები ვიყოთ", — განაცხადა რომან კაკულიამ.

მისი თქმით, ევროპული საქართველოს მოთხოვნით, საპენსიო ფონდის ხელმძღვანელს პარლამენტში მოუსმენენ.

"ჩვენ დავსვამთ ბევრ შეკითხვას და მართალი გითხრათ, ამ კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხი უფრო ადეკვატურად მექნება ამ მოსმენის შემდეგ", — განაცხადა რომან კაკულიამ.

პარლამენტის წევრის გასამრჯელოდ 4 624 ლარი განისაზღვრა. ამჟამად, დეპუტატის ხელფასი 4 623 ლარია, ხოლო საპარლამენტო თანამდებობების მქონე წევრების ანაზღაურება კი თანამდებობრივი იერარქიის მიხედვით იზრდება. ახალი რეგლამენტით, თითოეული საპარლამენტო თანამდებობისთვის დამატებით ანაზღაურებას პარლამენტის ბიურო დაადგენს. გარდა ამისა, პარლამენტის წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა შეუნარჩუნდებათ. 2018 წლის პირველი იანვრიდან პარლამენტის წევრების ხელფასი 833 ლარით უკვე გაიზარდა.