აქტივისტებმა დინამო არენაზე ლგბტ სიმბოლიკის შეტანის ხელშეშლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. სასამართლოს არასამთავრობო ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობამ მიმართა

საქმე ეხება 2018 წლის 9 სექტემბერს თბილისში გამართულ საფეხბურთო მატჩს, სადაც აქტივისტები გურამ კაშიას მხარდასაჭერად ლგბტ სიმბოლიკით მივიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მატჩზე მხარდამჭერებს იმ დროშებისა და პოსტერების შეტანის უფლება არ მისცეს, რომლებზეც ცისარტყელა იყო გამოსახული. ეს შეზღუდვა სამინისტრომ სტადიონზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნებით დაასაბუთა.

9 ლგბტ აქტივისტს, ვინც სასამართლოს მიმართა, მიაჩნია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა გადააცილეს საკუთარ უფლებამოსილებას. ისინი ამბობენ, რომ დროშები და პოსტერები, ვერ იქნებოდა გამოყენებული სხვა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების იარაღად.

"იმ შემთხვევაში, თუ ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების მხრიდან ადგილი ექნებოდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, პოლიციას ზომები უნდა მიეღო ამ ქმედებების აღსაკვეთად. პოლიცია წინასწარ გაფრთხილებული იყო, რაზეც მეტყველებს ის, რომ მე-9 სექტორში, სადაც გურამ კაშიას გულშემატკივრებიც იყვნენ კონცენტრირებული, საკმაოდ დიდი ოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მომჩივნები ედავებიან ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 და მე-11 მუხლთან მიმართებით მე-14 მუხლის დარღვევას. მე-11 მუხლით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მე-14 მუხლით დისკრიმინაციისგან თავისუფლება. მომჩივნებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ უსაფუძვლოდ შეზღუდა ისინი და ეს გააკეთა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, ანუ დისკრიმინაციულად.

აქტივისტებმა ადგილობრივ დონეზე საჩივრით მიმართეს პროკურატურას, გენინსპექციას, შსს-ს მინისტრს, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტსა და სახალხო დამცველს. როგორც თანასწორობის მოძრაობა აცხადებს, პროკურატურამ გამოძიების დაწყებაზე უარი თქვა, ხოლო გენერალურმა ინსპექციამ დისციპლინური გადაცდომა ვერ გამოავლინა.

2017 წლის ოქტომბერში, კაშიამ მატჩისას ხელზე ლგბტ დროშის ფერებში სამკლაური გაიკეთა, რაც ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილი იყო. მისი ფოტოს გამოჩენამ, ქართველი მომხმარებლების ნაწილი გააღიზიანა. კაშიამ განაცხადა, რომ ძალადობის წინააღმდეგია და არ ნანობს რაც გააკეთა.

UEFA-მ გურამ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის დააჯილდოვა. #EqualGame უეფას ახალი ჯილდოა, რომელიც პირველად ქართველ ფეხბურთელს გადაეცა.

მოგვიანებით, ონლაინ ბულინგის გამო ფეხბურთელმა ფეისბუქის ვერიფიცირებული გვერდი გააუქმა და ინსტაგრამის ანგარიში დახურა. სოციალური ქსელის მომხმარებლები მის მხარდაჭერად გაერთიანდნენ და კამპანია #გურამშენთანვარ დაიწყეს. კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა ფეხბურთის ფედერაციამ, თანაგუნდელებმა, ომგუდმსმენმა პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და სხვადასხვა აქტივისტებმა.