რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა, იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს მოქალაქეები ევროკავშირში გადაადგილებას უვიზოდ 2016 წელს შეძლებენ, რადგან აღნიშნულმა ქვეყნებმა "თავიანთი სამუშაო შეასრულეს".

რადიო თავისუფლებას პრაღის ბიუროში ინტერვიუს დროს იოჰანეს ჰანმა განმარტა, რომ უკრაინამ აღებული ვალდებულებები შეასრულა იმისთვის, რომ მის მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების საშუალება ჰქონოდათ. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თბილისმა და კიევმა მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში დადებითი რეკომენდაციები მიიღეს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით.

ჰანის აზრით, ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილებისათვის კიდევ არის პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა საჭირო. თუმცა, მისი თქმით, არსებული სტანდარტების გათვალისწინებით, საქართველომ, უკრაინამ და კოსოვომ ყველაფერი გააკეთეს, რაც საჭირო იყო:

"ვფიქრობ, რომ ერთობლივი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს ამ სამი ქვეყნის მიმართ და შესაძლოა თურქეთის მიმართაც".

ევროკომისრის განმარტებით, იმისთვის, რომ უკრაინა ევროკავშირთან დაახლოების პროცესში უფრო მეტად წავიდეს წინ, კანონმდებლობის შესრულება აუცილებელი პირობაა:

"მე კარგად მესმის ის გამოწვევები, რომლის წინაშეც უკრაინა აღმოჩნდა - მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტი, ნახევარი მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია, არის დიდი ეკონომიკური პრობლემები. ეს ყველაფერი პატარა გამოწვევა არ არის უკრაინის ხელისუფლებისათვის".