სპეციალურმა გამომძიებელმა, რობერტ მულერმა 22-თვიანი გამოძიება დაასრულა. გამოძიების შედეგებით დონალდ ტრამპს, მის თანამშრომლებსა და რუსეთს შორის შეთქმულება ვერ დადგინდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კონგრესს გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა მიულერის მოხსენებაზე დაყრდნობით აცნობა.

Time წერს, რომ პროკურორმა დასკვნა როდ როზენშტეინთან ერთად განიხილა, რომელიც თავიდანვე პასუხისმგებელი იყო მიულერის გამოძიებაზე. მათი ინფორმაციით, პროკურატურამ ვერ იპოვა დასკვნაში საკმარისი არგუმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ პრეზიდენტი ტრამპი გამოძიებას ხელს უშლიდა.

BBC-ის ინფორმაციით, კი მიულერი დასკვნაში წერს: "მიუხედევად იმისა, რომ ჩვენ ვერ დავადგინეთ ჩაიდინა თუ არა პრეზიდენტმა დანაშაული, ეს არ ხნის მასზე ეჭვებს".

რუსეთის ჩარევა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში

კონგრესის რამდენიმე კომიტეტი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს თვეები იძიებდა. აშშ-ის დაზვერვის სამსახურებს მიაჩნდათ, რომ ეს პროცესი უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის მიერ იყო მართული იმ მიზნით, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპს მისი დემოკრატი მეტოქე, ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დაემარცხებინა.

ამასთან, რობერტ მიულერი, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი, სწორედ იმ მოკვლევას ხელმძღვანელობდა, რომლის მიზანიც ამ შესაძლო გავლენის გამოაშკარავება და მტკიცებულებების გამოვლენა იყო. უნდა დადგენილიყო სამართლიანი იყო თუ არა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ჯეიმს კომი, რომელიც მანამდე რუსეთთან დაკავშირებულ გამოძიებას ხელმძღვანელობდა.

მანამდე ტრამპმა არაერთხელ უარყო ნებისმიერი ტიპის კავშირი რუსეთთან, მაგრამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ფიქრობდა ამ "რუსეთთან დაკავშირებულ საკითხზე" მაშინ, როდესაც კომის გათავისუფლება გადაწყვიტა. კომის გათავისუფლების მომდევნო დღეს მან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ორ რუს მაღალჩინოსანთან დაიტრაბახა, რომ კომი გაათავისუფლა და მას "შეშლილი" უწოდა. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, ტრამპის წინააღმდეგობის მიუხედავად, რობერტ მიულერი დამოუკიდებელი გამოძიების ხელმძღვანელად დასახელდა. საქმის შესწავლა 2017 წლის 17 მაისს დაიწყო.

ამერიკის ხმის ინფორმაციით, ამ დროისთვის, "რუსეთის გამოძიებამ" ბრალი 37 ადამიანს თუ ერთეულს წაუყენა, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის კამპანიის ექვს წარმომადგენელს. გამოძიების ფარგლებში 7-მა ადამიანმა ბრალი აღიარა და ხუთს კი პატიმრობა მიესაჯა. ტრამპთან დაახლოებული ადამიანების გარდა, მულერის რუსეთის გამოძიებამ ბრალი რუსეთის 20-ზე მეტ აგენტს წაუყენა.