ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მარიამ გერსამიამ პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას ნდობა არ გამოუცხადა. გერსამიას თქმით, მხარი დაუჭირა პარტიის ახალი თავმჯდომარისა და აღმასრულებელი მდივნის არჩევას, მაგრამ თავი შეიკავა პოლიტსაბჭოს საკითხზე, რომლის წევრი თავადაცაა. პოლიტიკოსი უნდობლობის ორ მიზეზს ასახელებს.

"პირველი იმიტომ, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე დავრწმუნდი იმაში, რომ ამ ფორმატის პოლიტსაბჭო უკვე არაპროდუქტიულია და აუცილებელია მისი განახლება", — განაცხადა გერსამიამ.

მისი თქმით, შესაძლოა უფრო მოქნილი სისტემის შეთავაზება და ახალი სახეებისთვის ასპარეზის მიცემა. მისივე განმარტებით, მეორე მიზეზი პოლიტსაბჭოში ყოფილი განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის შესვლაა.

"მე, როგორც ენმ-ს განათლების მიმართულების ხელმძღვანელს, მიმაჩნია, რომ დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდი (2010-12) იყო განათლების და მეცნიერების წარმატებული რეფორმის უკუსვლის წლები, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზიანა განათლების სისტემა" — აცხადებს გერსამია.

მისი თქმით, საზიანოა იმ ჩინოვნიკისთვის ხმის მიცემა, რომელიც როგორც მენეჯერი, სისტემის პოლიტიზირებასთან ასოცირდება.

"ნებისმიერ გაერთიანებასა და განახლებაში, მთავარი არის ღირებულებებზე თანხმობა და საერთო პრინციპების ერთგულება. ამიტომ ვისურვებდი, ახლა და მომავალში (იმის და მიუხედავად, მთავრობაში ვართ თუ ოპოზიციაში) სწორედ იმ ფასეულობების გაფრთხილებას, რომლის გამოც ჩვენმა მხარდამჭერებმა მომავალში ხმა უნდა მოგვცენ", — წერს გერსამია ფეისბუქგვერდზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს. გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე მიიღეს. ხმის მიცემა ელექტრონულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ვაშაძე ერთადერთი კანდიდატი იყო. ვაშაძეს ხმა 364-მა ადამიანმა მისცა, მოწინააღდეგე კი ერთი იყო.

ამ დრომდე ნაციონალურ მოძრაობას პარტიის თავმჯდომარე არ ჰყავდა. მიხეილ სააკაშვილს პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. რაც შეეხება პარტიის პოლიტსაბჭოს, მისი თავმჯდომარე ნიკა მელიაა.