23 მარტს, საღამოს სტუდქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, პოლიციამ ორი ახალგაზრდა კაცი გააჩერა და გაჩხრიკა, რაც იმ დასახლებაში ხშირად ხდება, ამიტომ ისინი შეეწინააღმდეგენ. ამის შესახებ მათ რუსთავი 2-თან ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ ახალაზრდები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გააჩერეს. მათი თქმით, სისხლის სამართლის 260-ე მუხლით ჰქონდათ გამოძიება დაწყებული, რაც ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციაზე წინააღმდეობის გაწევის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, თუმცა არ აკონკრეტებენ დაკავებულები ის ახალგაზრდები არიან, ვისზეც ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ, თუ ის პირები, რომლებიც მათ დაკავებას ეწინააღმდეგებოდნენ.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. ამ მუხლით ჩადენილი სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 1 000-დან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.