"მე მესმის, რომ ძნელია ამის აღიარება, მაგრამ რეალობა ეს არის", — ასე პასუხობს თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ მუქარის წერილი ხაზარაძისთვის მას არ გაუგზავნია. მისი თქმით, თუ მინისტრს მიაჩნია, რომ ცილი დასწამეს ეს სასამართლოში უნდა დაამტკიცოს.

"არსებობს მუნდირის ღირსება და ამის დაცვა თუ უნდათ, ასე გამოვიდა ახლა, რომ თითქოს მას წერილი არ გამოუგზავნია და მე ვცრუობ, ამიტომ ეს მუნდირის ღირსება უნდა დაიცვას სასამართლოში. თუ უნდა მას ელემენტარულად, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, მან ეს უნდა დაამტკიცოს სასამართლოში. მე სატელევიზიო კინკლაობას აღარ ვაპირებ", — განაცხადა ხაზარაძემ გადაცემა Forbes-ის კვირაში.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ფაქტზე ისაუბრა, რადგან ღირსების შელახვად ჩათვალა ის, რაც მოხდა. მათ შორის წერილის გაგზავნა.

"წერილი ვისგანაც მივიღე მე ის დავასახელე. ვინ დაწერა, ერთად დაიწერა, ვიღაცამ დაბეჭდა, ვიღაცა კარნახობდა, რა თქმა უნდა, მე ეს ინფორმაცია არა მაქვს", — განაცხადა ხაზარაძემ.

გიორგი გახარიამ TV პირველის ეთეში განაცხადა, რომ მას ხაზარაძისთვის მუქარის წერილი არ დაუწერია და არც გაუგზავნია. კითხვაზე, იცრუა თუ ხაზარაძემ, გახარია პასუხობს "ეს მას კითხეთ. მე ასე მარტივად ბრალდებებს არ ვაცხადებ, თან ეთერში".

გახარიამ აღნიშნა, რომ მას თმენის მაღალი ვალდებულება აქვს, როგორც მინისტრს და მოვლენების განვითარებას დაელოდება. მან ხაზი გაუსვა, რომ ბევრად უფრო თავისუფალი იქნებოდა მოქმედებებში, რომ არა თმენის ვალდებულება. კითხვაზე, თუ რას ელოდება, მინისტრი პასუხობს: "დაველოდები კიდევ რას იკადრებენ". მისი თქმით, თუ "გამოგონილი ისტორიები" გაგრძელდება ის, როგორც მოქალაქე გასცემს შესაბამის პასუხს.

მუქარის წერილი და ბრალდება შს მინისტრს

გიორგი გახარიასგან სავარაუდოდ მუქარის წერილის მიღების შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. წერილთან დაკავშირებით პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხა.

ხაზარაძემ გამოკითხვაზე წერილის ასლი მიიტანა, ხოლო წერილის გადამცემი შუამავალი არ დაასახელა. ბიზნესმენმა განაცხადა, რომ წერილი ლონდონში ექსპეტიზაზე გააგზავნეს. წერილზე საუბრისას, ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ თქვა, რომ შუამავალი არც გიორგი გახარიას ახლობელია და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს.

წერილის მიღების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ ბრალდებაზე ინფორმაციას ვერ გადაამოწმებენ, რადგან ბიზნესმენის წარდგენილი დოკუმენტი კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტია და ავთენტიკურობის დადგენა შეუძლებელია. გარდა ამისა უწყებამ დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, ხაზარაძეს სამ პირობის შესრულებას სთხოვდნენ:

  • პირველი — ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეკომპანია იმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღმდეგ;
  • მეორე — ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში;
  • მესამე — ტელეკომპანია არტარეა, რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, "დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი".

თიბისი ბანკის საქმე

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბარი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.

ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე.

გარდა ამისა, თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა და განაცხადა, რომ მილიონიან ჯარიმას გადაიხდის. ამასთანავე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის წინააღმდეგ კერძო დავას აგრძელებენ.