თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ბანკის საქმეზე უპასუხისმგებლო განცხადებები გაავრცელეს. მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი დაკითხვის ოქმიდან ამონარიდებს იყენებდა.

"კითხვა მაქვს, საიდან იციან მათ პროკურატურის დაკითხვის ოქმები, როცა მე არა მაქვს მათზე წვდომა", — აცხადებს ხაზარაძე.

ბიზნესმენის თქმით, პოლიტიკოსებმა უდანაშაულობის პრეზუმცია დაარღვიეს.

"როცა ძალიან ცნობილი პოლიტიკოსები გამოდიან უაპელაციოდ და ამბობენ, "კი, კი, ეს საქმე ჩვენ ვიცით და იქ რაღაც მოხდა სახლში ფული წაიღეს, იქ ვიღაცა მოატყუეს" — ეს არ არის? ეს რა სამართლია, რა დამოკიდებულებაა და რა უდანაშაულობის პრეზუმციაზეა ლაპარაკი?" — ამბობს ბიზნესმენი.

ბიზნესმენი ამბობს, რომ დაკითხვის წინ მან სთხოვა გამოძიებას არ გაესაჯაროებინათ ეს პროცესი, რადგან მას მოლაპარაკებები ჰქონდა მსხვილ ინვესტორებთან. მისივე თქმით, მოსამართლემ და პროკურორებმა დაუდასტურეს, რომ გამოკითხვა იყო კონფედენციალური.

"ვთხოვე, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ეს ჭორის დონეზეც რომ გავიდეს, 19 იანვარს ვაწერთ ორ უზარმაზარ ბანკთან ხელს... 8 თუ 9 იანვარს მათ პრესკონფერენცია გამართეს", — განაცხადა ხაზარაძემ.

ბიზნესმენმა აღნიშნა ისიც, რომ პოლიტიკოსების დამოკიდებულება მათ მიმართ ცინიკური და არასწორია.

"როცა მაღალი თანამდებობის პირი მე მეუბნება, რომ ანაკლია და ბანკი ვერ დაიცავს მოქალაქეს, კითხვებს ვერ აარიდებინებს თავს. ძალიან გთხოვთ, რა, ასე ნუ დაგველაპარაკებით. ჩვენ ვიყავით პირველები, რომლემბმაც 11 წლის დოკუმენტაცია გავეცით სრულად, როცა კანონით შეგვეძლო 6 წლის წინანდელი დოკუმენტაცია განადგურებული ყოფილიყო", — ამბობს ხაზარაძე.

თიბისი ბანკის საქმე

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბარი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.

ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე.

გარდა ამისა, თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა და განაცხადა, რომ მილიონიან ჯარიმას გადაიხდის. ამასთანავე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის წინააღმდეგ კერძო დავას აგრძელებენ.