შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პრივილეგირებული ბიზნესმენი იყო და ეს პრივილეგიები მას მთავრობამ მიანიჭა.

"ჩვენ ხო იდეალურ სამყაროში არ ვცხოვრობთ, თუ გვგონია, რომ დალაგებულ რეალობაში ვართ?! განვითარებადი ქვეყანა ვართ სუსტი ინსტიტუტებით და კიდევ უამრავი გვაქვს სამუშაო, რომ ეს ქვეყანა რაღაცას დავამსგავსოთ", — განაცხადა გახარიამ TV პირველის ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ამაში მისი წვლილიც, რადგან ის ეკონომიკის მინისტრი და ბიზნესომბუდსმენი იყო გახარია პასუხობს: "რა თქმა უნდა".

"უბრალოდ აიღეთ და შეხედეთ. რამდენჯერ იყო მაგალითად გარკვეული ვალდებულებების გადავადება მთავრობაზე გადმოტანილი კონკრეტული კომპანიისთვის. რა არის სხვა პრივილეგია?" — განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, იგულისხმებოდა თუ არა მთავრობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, გახარია პასუხობს, რომ არამარტო კვირიკაშვილი, არამედ თავადაც. მისი თქმით, ანაკლიის პორტი იყო ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი და მთავრობა "გარკვეულწილად ტყვეობაში აღმოჩნდა".

მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარია ზეწოლასა და მუქარაში დაადანაშაულა გახარიამ აღნიშნა, რომ ეს იყო "ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვებისა".