უმრავლესობის დეპუტატი შოთა შალელაშვილი გამოვიდა ინიციატივით პარასკევობით პარლამენტში სამუშაო დღე 4 საათზე დასრულდეს. ამ თხოვნით მან დღევანდელ სხდომის დასასრულს, 7 საათზე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

"დღეს თუ შეიძლება, რომ 4 საათამდე იყოს სამუშაო დღე. პარასკევობით თუ ჩვენ მოგვიწევს მუშაობა, რომ დავთქვათ 4 საათამდე. მოკლე დღეა და სასიამოვნო იქნებოდა", — განაცხადა დეპუტატმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ პარასკევს ინტერპელაციის ფორმატი და მთავრობის მოსმენებია დაგეგმილი და ადრე დასრულება არ გამოვა. პასუხად შალელაშვილმა განაცხადა:

"უბრალოდ, 4 დღიანია და მეთქი არის საშუალება, რომ 4 საათამდე დავამთავროთ. თქვენ უფრო იცით".

შალელაშვილი 2018 წელს ყველაზე გამცდენი დეპუტატების სიაში მოხვდა. მას 47 პლენარულ სხდომაზე 31 გაცდენა ჰქონდა, აქედან 23 საპატიო და 8 არასაპატიო.