საქართველოს პარლამენტმა ქუთაისიდან თბილისში მუშაობა ხმაურით დაიწყო. ხმაურის მიზეზი დეპუტატების კამათი არ არის, სხდომათა დარბაზში აკუსტიკით გამოწვეული პრობლემაა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ბოლო რიგში მსხდომი დეპუტატები აღმოჩნდნენ. მათ არ ესმით, რას ლაპარაკობენ ტრიბუნასთან გასული კოლეგები, რა კანონპროექტს განიხილავენ და საერთოდ, რა ხდება პარლამენტში. ზოგიერთ დეპუტატს დღის ბოლოს თავიც სტკივა.

პირველი, ვინც სხდომათა დარბაზის აკუსტიკაზე კრიტიკულად ისაუბრა, ევროპული საქართველოს დეპუტატი აკაკი ბობოხიძე იყო.

აკაკი ბობოხიძე

ფოტო: აკაკი ბობოხიძე/Facebook

ის ამბობს, რომ თბილისის პლენარულ სხდომათა დარბაზს 90-იანი წლებიდან აქვს აკუსტიკის პრობლემა და ძველი დეპუტატებისთვის ახალი არ არის. იხსენებს, რომ ქართულ ოცნებას ამ პრობლემაზე მიუთითებდა, როცა ქუთაისიდან თბილისში გადასვლაზე დაიწყეს საუბარი.

"ამ დარბაზში შეუძლებელია მუშაობა იმიტომ, რომ ჩურჩულიც გუგუნად ისმის. დეპუტატების ერთი გადაჩურჩულებაც მთლიანი გუგუნის შემადგენელი ნაწილია და გამომსვლელების ხმა არ ისმის", — განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

აწუწუნებულ კოლეგებს პარლამენტის თავმჯდომარემ პრობლემის მოგვარებამდე ყურსასმენის გაკეთება ურჩია. ეს რჩევა ხუმრობის მიზეზიც კი გახდა და პოლიტიკურმა გაერთიანება გირჩმა დეპუტატებს "დახმარების მიზნით" ყურსასმენები გაუგზავნა.

დეპუტატებს, რომლებსაც On.ge ესაუბრა, გირჩის საჩუქარი არ მიუღიათ. მათმა ნაწილმა გამოსავალი თავად იპოვა და პარლამენტში ყურსასმენით დაიწყო სიარული. მათ შორისაა ქართული ოცნების წევრი აკაკი ზოიძე.

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

"მე მაქვს ყურსასმენი და ამით ვუსმენ სხდომებს, გირჩამდე მოვიფიქრე როგორმე. სხვათა შორის, დღის ბოლოს თავის ტკივილია", — განაცხადა დეპუტატმა.

თავის ტკივილი აწუხებს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ სალომე სამადაშვილსაც. ის ამბობს, რომ პლენარულ სხდომათა დარბაზის ხმაურიანი აკუსტიკა ხელს უშლის მუშაობაში და პრობლემის მოგვარებამდე ყურსასმენების დარიგებას ითხოვს.

ფოტო: On.ge

"თავი მტკივდება და შეუძლებელია მუშაობა. უამრავი სახსრები იხარჯება ამ დარბაზის მოსაწესრიგებლად და რა გახდა ეს აკუსტიკის სისტემა და რატომ არის გადაუჭრელი პრობლემა 21-ე საუკუნეში, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში?" — ამბობს სალომე სამადაშვილი.

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია აკუსტიკის პრობლემას პარლამენტის მენეჯმენტს უკავშირებს, თუმცა აღნიშნავს, რომ თავად მუშაობაში ხელი არ ეშლება.

"მენეჯმენტი, მართვის სტილი არ ვარგა და ეს ყველაფერში აისახება, მათ შორის აკუსტიკაში", — ამბობს დეპუტატი.

დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე ფიქრობს, რომ დარბაზში ექოს არა აკუსტიკა, არამედ გაუმართავი ხმის აპარატურა იწვევს.

"დაძაბული უნდა გქონდეს ყური და გონება, რომ სწორად მოისმინო, თუმცა ეს არ მიშლის მე ხელს, რომ გავიგო, რა კანონპროექტია და რომელ ღილაკს დავაჭირო ხელი", — განაცხადა დეპუტატმა.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ადა მარშანიამ "ემოციურად გადავსებულ" გამოსვლაში დარბაზის პრობლემასაც დაუთმო რამდენიმე წამი და თქვა: "მართლა ცუდი სმენადობაა ამ პარლამენტში და გუშინდელი დღიდან ამ ჩვენს უბადრუკ და სამარცხვინო სხდომებს ყურსასმენით ვუსმენ".

ფოტო: კადრი ვიდეოდან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრობლემას აღიარებს და ამბობს, რომ მისი მოგვარების მიზნით მუშაობა უკვე დაწყებულია. ამავეს აცხადებს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, თუმცა, აღნიშნავს, რომ "როცა დეპუტატები არ ხმაურობენ, დარბაზშიც სიმშვიდეა".

"სამართლიანია დეპუტატების მოთხოვნა და ამისთვის სპეციალური სამსახური კონსულტაციებს გადის. თუ ჩუმად არიან ხმა ისმის ჩვეულებრივად და როცა ხმაურობენ უკვე აძლევს ექოს", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

პლენარულ სხდომათა დარბაზში აკუსტიკის პრობლემის მოგვარება საქართველოს პარლამენტის აპარატის პრეროგატივაა. აპარატის დებულებაში ვკითხულობთ, რომ სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებიდან ერთ-ერთი საინჟინრო კომუნიკაციების გამართვა, პლენარულ სხდომათა დარბაზის მოწყობა და შენობა-ნაგებობების რემონტის ორგანიზებაა.

ქართულმა ოცნებამ საქართველოს პარლამენტის გარემონტება 2012 წლიდან დაიწყო. რემონტის პარალელურად დაიწყო საუბარი პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანაზეც. თბილისში პარლამენტის შენობის განახლებას 23 მილიონი ლარი დასჭირდა.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, შოთა გოშაძემ On.ge-ს უთხრა, რომ 2012 წელს ქართულ ოცნებას თბილისის პარლამენტი, როგორც პოლიტიკური ცენტრი, განადგურებული დახვდა. მათ დაიწყეს შენობის აღდგენა ისე, რომ პირვანდელი სახე არ დაეკარგათ. უცვლელი დარჩა აკუსტიკით გამოწვეული პრობლემაც.

"ვერც კი წარმოიდგენთ ისეთ მდგომარეობაში იყო სხდომათა დარბაზები, ყველა კომუნიკაცია დაზიანებული, დამტვრეული და დაწყვეტილი დაგვხვდა. დეპუტატის მაგიდები, პრეზიდიუმი დაჩეხილი იყო და ერთ დიდ მთლიან ნაგვის გროვას წარმოადგენდა. ხედავთ, რომ დარბაზში ყველაფერი პირვანდელი სახითაა აღდგენილი, ვინაიდან შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია", — განაცხადა შოთა გოშაძემ.

მისივე თქმით, ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადმოსვლამდე პლენარულ სხდომათა დარბაზში ბევრი ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის ამბასადორიალები, ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომები, თუმცა აკუსტიკის პრობლემა არ გამოკვეთილა

"ხშირად იყო დატვირთული, მაგრამ ეს დატვირთვა არ იყო ისეთი, როგორიც ახლა არის პლენარული სხდომების დროს. ნებისმიერ ტექნიკას სჭირდება პრაქტიკული გამოცდა. სრული დატვირთვის შემთხვევაში გამოვლინდება ხარვეზები და ამ ხარვეზების გამოსწორების პროცესი მიმდინარეობს ახლა", — განმარტა აპარატის წარმომადგენელმა.

შოთა გოშაძე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე

შოთა გოშაძე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

მისივე თქმით, რამოდენიმე ფირმასთან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებას: სწავლობენ როგორც ცარიელ, ისე სრულად დატვირთულ დარბაზს. მოკვლევა დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება და შემდეგ პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო აქტივობები დაიგეგმება. მუშაობის დასრულების ზუსტი დრო უცნობია. ასევე უცნობია, რა თანხა დაუჯდება პარლამენტს შენობის აკუსტიკის გამართვა.

შოთა გოშაძის თქმით, უკვე აშენებულის გადაკეთება უფრო რთულია, ვიდრე თავიდან აშენება. სწორედ ესაა მისთვის არგუმენტი, თუ რატომ არ ჰქონდა აკუსტიკის პრობლემა ქუთაისის პარლამენტს.

"ის შენობა იყო კონკრეტულად აშენებული პლენარულ სხდომათა დარბაზისთვის, იქ პანელური დაფარვა იყო მოწყობილი, რომელიც რამდენიმე მილიონი დოლარი დაჯდა. წინასწარ იყო ყველაფერი გათვლილი და აქედან გამომდინარე აქვს უკეთესი აკუსტიკა", — განაცხადა მან.

ის განმარტავს, რომ თბილისის სხდომათა დარბაზში აკუსტიკური მოწყობისთვის ბარიერს სვეტების განლაგება ქმნის.

"დარბაზს თავისი ვიზუალი გააჩნია, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავია და ლამაზი. ამ დარბაზს ვერც სვეტებს გამოვაცლით, ვერ დავანგრევთ და ვერც პანელებში ვერ ჩავსვამთ. ისე უნდა მოვიქცეთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ დავაზიანოთ", — ამბობს ის.

პრობლემის აღიარების პარალელურად პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე შოთა გოშაძე, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის მსგავსად ჟურნალისტებსა და დეპუტატებს სიჩუმის დაცვისკენ მოუწოდებს, რაც, მისი აზრით, საუკეთესო პრევენციაა.

"თუ ჟურნალისტებიც დაიცავთ სიჩუმეს და იქნებით წყნარად, ეს გაცილებით მნიშვნელოვანია დარბაზისთვის, ვიდრე სხვა ტექნიკური გადაწყვეტილების მიღება. 120 ადგილია ზევით დამსწრეებისთვის. წარმოგიდგენიათ, ამდენი ადამიანის გადაძახილ-გადმოძახილი და ხმაური? რა დონის აკუსტიკაც არ უნდა გავაკეთოთ, ხმაური ყოველთვის იქნება", — ამბობს შოთა გოშაძე.