გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ზუგდიდის მერის არჩევნებში ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი იქნება. ამის შესახებ ბრიფინგზე ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაშემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, რულოვს თავად სურდა გაერთიანებული ოპოზიციის მანდატით ყოფილიყო ზუგდიდში წარდგენილი.

ვაშაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებში ყველგან ჩაერთვება, თუმცა მოგვიანებით გახდება ცნობილი რა ფორმით. რაც შეეხება ზუგდიდის მერის არჩევნებს თარიღი ჯერ ჩანიშნული არ არის.

2016 წლის არჩევნების დროს სანდრა რულოვსი ნაციონალური მოძრაობის სახელით ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს. ზუგდიდში მეორე ტური დაინიშნა და რულოვსმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, მან პირველივეში გაიმარჯვა და მეორე ტურში მონაწილეობა შეურაცხმყოფელი იქნებოდა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ამბობდნენ, რომ რულოვსი პარლამენტში პროპორციული სიით შევიდოდა, თუმცა მან უარი განაცხადა და მისი ადგილი გიორგი ღვინიაშვილმა დაიკავა.

ზუგდიდის მერი ლაშა გოგია, რომელიც პოსტს 2016 წლიდან იკავებდა 2018 წელს გადადგა. მოგვიანებით, ის და მისი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.