პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება არ იზრდება. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ბახტაძის განმარტებით, დანაშაულის მაჩვენებლის ზრდა აღრიცხვის სიზუსტემ და მიმართვიანობის გაზრდამ გამოიწვია.

"სიმართლე არის ის, რომ დანაშაულის ტიპოლოგიური ანალიზი გვიჩვენებს, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების მაჩვენებლები ან უცვლელია, ან შემცირებული, ხოლო მატება ძირითადად სწორედ ისეთ დანაშაულებზე მოდის, რომელთა კუთხით ან მიმართვიანობა გაიზარდა მკვეთრად", — განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერი ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის, მუქარის და მსგავსი დანაშაულების სტატისტიკური მაჩვენებლის ზრდა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ გაზრდილი ნდობის გამო გაზრდილი მიმართვიანობითაა გამოწვეული. საკუთრებისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ზრდა კი აღრიცხვიანობის გაუმჯობესებამ.

პრემიერ მინისტრს დღეს, 22 მარტს პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში უსმენენ. ამ ფორმატს ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს და მის მიხედვით დეპუტატებს და ფრაქციებს უფლება აქვთ მთავრობის წარმომადგენელები კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ დაიბარონ პარლამენტში.

პრემიერი ამ ფორმატში ნაციონალურმა მოძრაობამ დაიბარა კრიმინოგენურ ვითარებაზე სასაუბროდ. ამავე ფორმატით ევროპულმა საქართველომ განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც მიიწვია.