მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში გირჩის კანდიდატი, ჰერმან საბო პარტიის მთაწმინდელ ამომრჩევლებს მოუწოდებს, გირჩის მათი სხვა მხარდამჭერები სახლში ჩაწერონ, რათა არჩევნებზე ხმის მიცემა შეძლონ.

"ცესკოსთან გავარკვიეთ, რომ ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს, შეუძლია მარტივად გადაეწეროს იქ, სადაც უნდა. კონსტიტუციითაც დაცულია გადაადგილებისა და საცხოვრებელი სახლის შეცვლის უფლება", — ამბობს ჰერმან საბო.

ის არამთაწმინდელ მხარდამჭერებს მოუწოდებს, გირჩის Facebook-გვერდზე მიწერონ და პარტია მათ მთაწმინდაზე "გადაწერაში" დაეხმარება.

მისივე თქმით, ვინაიდან კომუნალური გადასახადები სულადობით ითვლება, გირჩი ამ პასუხისმგებლობას იღებს და იმ ოჯახებს, ვინც სახლში სხვას ჩაიწერს, წყლისა და დასუფთავების გადასახადს გადაუხდის.

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება. ხმის მიცემის პროცესი 31 საარჩევნო უბანზე წარიმართება, სადაც, საერთო ჯამში, 43 868 ამომრჩეველია რეგისტრირებული.