ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საჯარო განცხადებები თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პოლიტიკური უპასუხისმგებლობისა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფის უხეში მაგალითებია.

EMC-ში ამბობენ, რომ ზურაბიშვილის განცხადებაში არაპირდაპირ ჩანდა მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩინების კონოტაცია და ამდენად, დეჰუმანიზების, მისი სიცოცხლის დაკნინებისა და იერარქიზების მცდელობა. მათივე თქმით, იუსტიციის მინისტრის ტექსტში ცალსახა იყო თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის დროს, სახელმწიფოს მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულისა და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფუნდამენტური ხარვეზების უგულებელყოფის ინტერესი.

"სამწუხაროა, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირებს სათანადოდ არ ესმით საკუთარი პოლიტიკური სტატუსის მნიშვნელობა და სტანდარტი... ისინი აგრძელებენ მაჩალიკაშვილების ოჯახის უფლებებისა და ღირსების არაღიარების პოლიტიკას", — წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC მოუწოდებს სახელმწიფო თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი, ადამიანების ღირსებისა და უფლებების უგულებელყოფაზე მიმართული განცხადებებისგან და სათანადოდ გაიაზრონ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ხარისხი და ის სოციალური კონტექსტი, რომელიც ამ საქმეს გააჩნია.

2019 წლის 19 მარტს, სალომე ზურაბიშვილმა აღინიშნა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ზაზა სარალიძის საქმეებს ერთ დონეზე არ აყენებს, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, რის მიხედვით ახდენს ამ ადამიანების დიფერენცირებას, უპასუხა "ვიცი რის მიხედვითაც". 2019 წლის 21 მარტს კი, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მას არ მიაჩნია, რომ სახელმწიფომ თემირლან მაჩალიკაშვილთან მიმართებით დანაშაული ჩაიდინა და ეს ფაქტი არ არის დამტკიცებული.