თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მისი პარტნიორი ბადრი ჯაფარიძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან მოლაპარაკების დროს შუამავალი არ ყოფილა.

"ბადრი ჯაფარიძე და მე იცით რომ ვართ არამარტო პარტნიორები, არამედ ერთი ოჯახის წევრები და შესაბამისად, შუამავლობაზე არ შეიძლება ლაპარაკი იყოს, რამეთუ ჩვენ ვართ ერთი მხარე", — განაცხადა ხაზარაძემ. ბიზნესმენმა აღარ უპასუხა კითხვას მიუტანა თუ არა გახარიასგან მიღებული წერილი მას ჯაფარიძემ.

9 მარტს რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხაზარაძეს გახარიას წერილი, სავარაუდოდ, ბადრი ჯაფარიძემ გადასცა. როგორც ტელეკომპანია აცხადებდა, ამ ინფორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდნენ. შაბათის კურიერის მტკიცებით, გიორგი გახარია და ბადრი ჯაფარიძე თბილისში ერთმანეთის მეზობლები არიან.

ბადრი ჯაფარიძე თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სამეთავლყურეა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე და თიბისი ბანკის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. მას და მამუკა ხაზარაძეს პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება.

გიორგი გახარიასგან სავარაუდოდ მუქარის წერილის მიღების შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. წერილთან დაკავშირებით პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხეს.

ხაზარაძემ გამოკითხვაზე წერილის ასლი მიიტანა, ხოლო წერილის გადამცემი შუამავალი არ დაასახელა. ბიზნესმენმა განაცხადა, რომ წერილი ლონდონში ექსპეტიზაზე გააგზავნეს. წერილზე საუბრისას, ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ თქვა, რომ შუამავალი არც გიორგი გახარიას ახლობელია და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს.

წერილის მიღების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ ბრალდებაზე ინფორმაციას ვერ გადაამოწმებენ, რადგან ბიზნესმენის წარდგენილი დოკუმენტი კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტია და ავთენტიკურობის დადგენა შეუძლებელია. გარდა ამისა უწყებამ დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, ხაზარაძეს სამ პირობის შესრულებას სთხოვდნენ:

  • პირველი — ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეკომპანია იმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღმდეგ;
  • მეორე — ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში;
  • მესამე — ტელეკომპანია არტარეა, რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, "დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი".

თიბისი ბანკის საქმე

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბარი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.

ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე.

გარდა ამისა, თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა და განაცხადა, რომ მილიონიან ჯარიმას გადაიხდის. ამასთანავე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის წინააღმდეგ კერძო დავას აგრძელებენ.