ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში უკრაინამ იმ პირების სიაში შეიყვანა, ვისაც ქვეყნის საწინააღდეგო სხვადასხვა ქმედებებისთვის სანქციები დაუწესა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.

უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში წერია, რომ ხალვაშს სამი წლით აეკრძალა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. მის დახასიათებაში კი ხაზგასმულია, რომ ის ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი და რექტორია.

On.ge-სთან საუბარში ხალვაში აცხადებს, რომ არ იცის რა მიზეზით აღმოჩნდა უკრაინისთვის არასასურველ პირთა სიაში. მისი თქმით, არასდროს ყოფილა უკრაინასა და რუსეთში.

ხალვაში ვარაუდობს, რომ მიზეზი შესაძლოა 2017 წელს სამეცნიერო კონფერენციიდან მიღებული მიწვევა იყოს, რომელიც ანექსირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში ტარდებოდა. როგორც ის განმარტავს, კონფერენციაზე დასასწრებად ორგანიზატორებმა თავად მიიწვიეს. მისი თქმით, კონფერენციას არ დაესწრო და არც მოხსენება გაუგზავნია.

"გაკვირვებული ვარ. ასე გადაუმოწმებელი ინფორმაციით თუ აწერენ ხელს პრეზიდენტები განკარგულებებს, არ ვიცი რა უნდა ვთქვა", — განაცხადა ხალვაშმა.

მისივე თქმით, ამ დრომდე ბათუმის უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა უკრაინულ სასწავლებლებთან და სტუმრად არაერთი უკრაინელი ლექტორი მიიღო.

ხალვაში ამბობს, რომ დაგზავნის წერილს საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში უკრაინის საელჩოს სახელზე. მისი თქმით, სურს სიტუაციაში გარკვევა და უკრაინული მხარის სწორად ინფორმირება.