"ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებას აკეთებს და ამავე დროს, ის ძალიან ლამაზი ქალია", — ამ შინაარსის სექსისტური განცხადებით მოიხსენია იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა, რომელმაც თქვა, რომ წულუკიანი გახმაურებულ საქმეებზე გარკვეულ ინფორმაციებს ფლობს, რითიც ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებს.

"ეს არის მისი ინტერპრეტაციები და ნუ, მას სჭირდება, რომ რაღაცნაირად პოლიტიკური განცხადებები აკეთოს და აკეთებს ამ განცხადებებს. ჩემგან რა არის მოთხოვნილი, რომ მის ილუზიებზე ვაკეთო კომენტარები?!" — უთხრა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

ბოკუჩავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ თეა წულუკიანი გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის აფგან მუხთარლის გატაცების, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისა და რუსთავი 2-ის საქმეებზე გარკვეულ ინფორმაციებს ფლობს.

"საზოგადოების მიმართ მინიმალური პატივისცემა რომ გქონდეთ, დიახ, გააჟღერებდით, თუ რა საბაბი გაქვთ იმის, რა ინფორმაციას ფლობთ ასეთს, რის გამოც თქვენ თავს აძლევთ იმის უფლებას, რომ ქვეყნის მთავარი მმართველი, მაფიოზი შეიძლება ითქვას, აშანტაჟოთ პირდაპირ ეთერში", — მიმართა ბოკუჩავამ წულუკიანს, რომელიც პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში იმყოფება.