ასტეროიდები ერთი შეხედვით უმოქმედო ქვის ნაგლეჯებად წარმოგვიდგენია ხოლმე, თუმცა ეს წარმოდგენა შესაძლოა მცდარი იყოს.

NASA აცხადებს, რომ მისმა ხომალდმა ასტეროიდ ბენუს გარშემო ნაწილაკების ამოფრქვევები დააფიქსირა. დეტალები კვლავ უცნობია, თუმცა ეს აღმოჩენა შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ასტეროიდების ნაწილი იმაზე უფრო აქტიური, დინამიური და ნაკლებად შესწავლილია, ვიდრე გვგონია.

აღნიშნული აღმოჩენა მეცნიერებმა ხომალდ OSIRIS-REx-ის მეშვეობით გააკეთეს, რომელიც ასტეროიდ ბენუს ორბიტაზე 31 დეკემბერს განთავსდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ზუსტად რა ნივთიერებებისგან შედგება ამოფრქვეული ნაწილაკები. NASA აცხადებს, რომ ამოფრქვეული ნაწილაკების გარკვეული რაოდენობა ბენუს ტოვებს, ნაწილი კი ბენუს მიზიდულობის გამო უკან ასტეროიდზე ეცემა.

"ამ ამოფრქვევების აღმოჩენა ჩემი სამეცნიერო კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენუს ზედაპირი იმაზე ბევრად უფრო უხეში და უსწორმასწორო აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ველოდით. ბენუ ჩვენს გაოცებას უკვე იწვევს, მიუხედავად იმისა, რომ მისი კვლევა ახლახან დავიწყეთ", - აცხადებს OSIRIS-REx-ის მისიის ხელმძღვანელი დანტე ლორეტა.

NASA-ს რამდენიმე მეცნიერემა OSIRIS-REx-ის მისიის წარმატებაზე ისაუბრა, მათ იმედოვნეს, რომ 2023 წელს, როდესაც ხომალდი დედამიწაზე დაბრუნდება და ასტეროიდიდან ნიმუშებს ჩამოიტანს, მეცნიერები ბენუს გარშემო არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემას უკეთ შეძლებენ.

"ჩვენ ბენუსა და სხვა მის მსგავს ასტეროიდებს იმიტომ ვსწავლობთ, რომ უკეთ გავიგოთ, თუ როგორ ჩამოყალიბდა მზის სისტემა, ხოლო როდესაც OSIRIS-REx დედამიწაზე ნიმუშებს ჩამოიტანს, ჩვენ საკუთარი წარმოშობის საკითხის ახსნას კიდევ უფრო უკეთ შევძლებთ", - აცხადებს NASA-ს პლანეტარული მეცნიერებების დირექტორი ლორი გლეიზი.