პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ოთხივე ბრალდებული საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სხდომა დღეს, 20 მარტს გაიმართა.

სხდომის დატოვების შემდეგ ბრალდებულების ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი ფორმის გამოყენების არც ფორმალური და არც მატერიალური საფუძვლები. ადვოკატის განცხადებით სასამართლო იღებს არასწორ გადაწყვეტილებას, ვინაიდან არსებობს ათობით ადამიანი, რომლებსაც იგივე ქმედება აქვთ ჩადენილი:

"ბრალდების მხარემ უნდა დაადგინოს ვინ იყო ამ ინფორმაციის გამავრცელებელი პირველი წყარო, საიდან წამოვიდა ეს კადრები, დასაჯოს ის ადამიანები და შეეშვას ამ ადამიანებს, რომლებსაც არც მოუპოვებიათ ეს კადრები, არც ჩაუწერიათ და არც პირადი ინტერესი ჰქონიათ".

ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით 16 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოგვიანებით კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელმაც ვიდეოჩანაწერი YouTube-ზე ატვირთა.