თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც აუქციონზე 2016 წლის 22 აპრილს გაიტანეს, დღეს, 3 მაისს 6326495 ლარად გაიყიდა.

როგორც ქონების მართვის სააგენტოს ვებსაიტზე წერია, აუქციონში მხოლოდ ერთი სუბიექტი იღებდა მონაწილეობას და შესაბამისად გამარჯვებულიც ის გახდა. აუქციონის საწყისი ფასი 6 233 000 ლარი იყო, თუმცა გამარჯვებულმა, რომლის ვინაობაც ჯერ გაცხადებული არ არის, 29 ჰექტარ მიწის ფართობში 6 326 495 ლარი გადაიხადა.

აუქციონის პირობებში მასში გამარჯვებული კომპანიის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების ჩამონათვალია. მათ შორის წერია, რომ გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვის ვადაში, ააშენოს არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, რომლის განაშენიანების ფართი, გარდა ტექნიკური/დამხმარე ფართისა, უნდა იყოს არაუმეტეს 20 ათასი კვადრატული მეტრისა.

აღნიშნული ტერიტორიის გასხვისებასთან, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის 4 ჰექტარის გაცვლასა და პანორამა თბილისის მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს 25-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, 7 მაისს მასშტაბური აქცია სოლოლაკში სწორედ იმ ადგილას დააანონსა, სადაც პანორამა თბილისის მშენებლობა იგეგმება.

გარდა ამისა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არასამთავრობოები აპირებენ პარლამენტსა და საკრებულოს განცხადებებითაც მიმართონ. NGO-ებს სურთ, რომ საკითხის განხილვის დროს სამოქალაქო სექტორი, როგორც მხარე, ისე იყოს წარმოდგენილი.

სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე მეორე კვირაა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის გაცვლის ფაქტსა და მის მიმდებარედ, კრწანისი-შინდისის გზის ტერიტორიაზე გამოცხადებულ ტენდერს აპროტესტებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ბოტანიკურ ბაღსა და შპს ფინსერვის XXI-ს შორის გაცვლილ 4 ჰექტარ მიწის ნაკვეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიას შორის, რომელზეც კრწანისი-შინდისის გზა უნდა აშენებულიყო, არის კავშირი და ამ დრომდე საუბროდნენ იმაზე, რომ აღნიშნულ აუქციონში სწორედ ბიძინა ივანიშვილი გაიმარჯვებდა.

შპს ფინსერვისი XXI-ის 2016 წლის 12 აპრილის მიმართვის საფუძველზე თბილისის ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება განახორციელეს, რომლის საფუძველზეც კომპანიამ და ბოტანიკურ ბაღმა ტერიტორიები გაცვალეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 26 აპრილს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც განმარტეს, რომ ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ (იგულისხმება ფინსერვისი XXI) თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან 4 ჰექტარი მიწა უკანონოდ მიითვისა.

მოგვიანებით ენმ-მ საპროტესტო აქციები თბილისის მერიასთანაც გამართა და გარდა ზემოაღნიშნულისა, კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობის შეჩერება და მის ტერიტორიაზე გამოცხადებული აუქციონიც გააპროტესტა. მათი თქმით, აუქციონი უკანანოა და მასში უპირობოდ ბიძინა ივანიშვილი გაიმარჯვებს.

ენმ ასევე განმარტავდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი არ შეწყდებოდა, პარტია 3 მაისიდან მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვას დაიწყებდა.