სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მედიაციის პროცესს ხელს უშლის. ამის შესახებ მათ დღეს, 20 მარტს ბრიფინგზე ისაუბრეს.

მათი თქმით, მედიაციის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიასთან შეხვედრა და იმავე დროს ამ პროცესის გვერდის ავლით უწყება რეგიონებში დასაქმებულ სოცმუშაკებს ავალდებულებს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას დაესწრონ.

"აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ეს ქმედება წარმოადგენს მედიაციის პროცესისადმი და პროცესში ჩართული სოც. მუშაკებისადმი უპატივცემულობას და აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მედიაციის შეხვედრის პარალელურად, ჯანდაცვის მინისტრთან სავალდებულო შეხვედრის ჩანიშვნა წინასაგაფიცვო პროცესში მყოფ სოც. მუშაკებზე ზეწოლას ემსახურება", — აღნიშნულია განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროში On.ge-ს არ დაუდასტურეს, რომ პარალელურ რეჟიმში მინისტრი ხვდება სოციალურ მუშაკებს რეგიონებიდან.

მედიაციის პროცესი სოციალურ მუშაკებსა და სამინისტროს შორის თებერვალში დაიწყო. მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემის ძირეული რეფორმის მოთხოვნით სოციალურმა მუშაკებმა პეტიცია შექმნეს. პეტიციით ისინი ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტსა და მთავრობას მიმართავენ.

სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ წლების წინ ბავშვთა ზრუნვის სისტემის წარმატებით დაწყებული რეფორმა ვეღარ ფუნქციონირებს და ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს მორგებული არაა.

ამავე თემაზე: სოციალური მუშაკი — პროფესია, რომლის მნიშვნელობასაც სისტემა ვერ ხვდება