საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მიხეილ ჩიკვილაძე აირჩია. მას 94-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ იყო. კენჭისყრა დღეს, 20 მარტს გაიმართა.

როგორც საკონკურსო კომისიის სხდომაზე ჩიკვილაძესთან გასაუბრებით გაირკვა, ის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მეგობარია.

"დიახ, ამის უარყოფა როგორ შეიძლება. ბატონ ვასილს მე ვიცნობ ჯერ კიდევ უნივერსიტეტიდან იმიტომ, რომ ერთ პერიოდში ვსწავლობდით, ჩემზე ორი კურსით წინ იყო. შემდეგ უკვე, 1983 წლიდან სკოლაში [სამუშაოდ] ბატონი ვასილიც მოვიდა და ამის შემდეგ ჩვენ ვიყავით კოლეგები. თავისთავად კოლეგა არ გამორიცხავს მეგობრობას. ჩვენ ვმეგობრობდით, რა თქმა უნდა და დღესაც გრძელდება ეს მეგობრობა", — განმარტა მან და დასძინა, რომ იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს.

ახალი მეურვე საზოგადოებრივ მაყუწყებელში ზაზა შათირიშვილის ნაცვლად იმუშავებს. შათირიშვილიც ჩიკვილაძის მსგავსად მაღლაფერიძის მეგობარია. ის ამ თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა და ექვსი წლის ვადით 103 ხმით აირჩია. მან თანამდებობა არჩევიდან 10 თვეში დატოვა.

მაუწყებლობის შესახებ კანონით (მუხლი 24), მეურვის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს ექვსი წელი. ამ შემთხვევაში კი კანდიდატი ხუთი წლის ვადით აირჩევა, რადგან მეურვე, რომელსაც ის ცვლის საზოგადოებრივ მაუწყებელში დაახლოებით ერთი წელი მუშაობდა.