ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ თქვა, რომ თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი 10 მოსამართლის მსგავსი კანდიდატები გავლენ, პასუხისმგებლობა იქნება, როგორც გუნდის, ასევე ბიძინა ივანიშვილის. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა:

"პარტიის თავმჯდომარესაც აქვს თავისი გავლენა და ის უნდა ჩაერთოს იმ როლით, რა როლითაც ამ პატარა, უმწიფარ გოგო-ბიჭებს მოიყვანს ჭკუაზე".

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების გამწესებასთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ თქვა, რომ თუკი ქართული ოცნება მაინც მიიღებს მოსამართლეების დანიშვნის წესის შესახებ კანონპროექტს, გუნდი სერიოზული პრობლემის წინაშე დადგება:

"დიდი პოლიტიკური ფასია მეორე მხარს ამ საქციელის და ქმედებების საპირწონედ. ეს არის ის ფასი, რასაც 2020 წელს, ალბათ, ქართველი ხალხი და ამომრჩეველი თავისი გადაწყვეტილებით იტყვის".

ეკა ბესელია იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან 2018 წლის დეკემბრის ბოლოს გადადგა. როგორც მაშინ მან განაცხადა, მისი გადადგომის საფუძველი უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები სია გახდა. ბესელიას პოზიციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდებოდნენ და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

წასვლის მიზეზებზე საუბრისას ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მხარი დაეჭირა. დეპუტატის თქმით, სწორედ ამ მიზეზით დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის დამტკიცებას შეუშალა ხელი.