პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეუთოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებზე ისაუბრა და თქვა, რომ იქ აღნიშნული საარჩევნო ხარვეზების მიუხედავად, დასკვნაში საგანგაშო არაფერი ეწერა. ამის შესახებ პრეზიდენტმა TV პირველის ეთერში ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციაში ისაუბრა. ზურაბიშვილმა კრიტიკული დასკვნების მიზეზად "საპირწონე ინფორმაციის ნაკლებობა დაასახელა" და არასამთავრობოებს "პოლიტიზირებულები" უწოდა. მისივე ვარაუდით, საქართველოს საელჩოები ნაკლებად აქტიურები არიან წარადგინონ განსხვავებული შეფასებები:

"ფაქტია, რომ არის კრიტიკული შეფასებები, ფაქტია ასევე, რომ გადის ქვეყნიდან ძალიან ნეგატიური... ობიექტური ინფორმაცია რომ მიიღოს რომელიმე დაწესებულებამ, უნდა მიიღოს ყველაფერი".

პრეზიდენტის თქმით, ის ამ დასკვნებს თავადაც გაეცნო, თუმცა საგანგაშო ვერაფერი იპოვა:

"წაკითხული მაქვს მე ინგლისურად მთლიანად. წარდგენილია საზოგადოებისთვის ზოგიერთი არასამთავრობოსგან, რომლებიც ძალიან პოლიტიზირებული არიან დღესაც, სამწუხაროდ. ეს არის დეტალური შეფასება. ვიცით ეს შეფასებები როგორ მზადდება... მთავარია, სამართლიანობა და შედეგი არჩევნების არ დგას კითხის ნიშნის ქვეშ. ის, რომ ხარვეზები იყო, ალბათ უნდა ვაღიაროთ და ალბათ, უნდა გამოვასწოროთ".

პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშირში და ნატოში ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას, ასევე, ევროპის ქვეყნებშიც "არსად არ ყოფილა არანაირი კითხვის დასმა [არჩევნების ხარვეზებზე]".