საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო მხარდაჭერაზე საუბრობს და ამბობს, რომ მხარდაჭერის გარეშე გამარჯვება ძალიან რთული იქნებოდა, რადგან "მეორე მხარეს იყო ამოქმედებული მანქანა". ამის შესახებ ზურაბიშვილმა TV პირველზე, ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციაში ისაუბრა:

"უკვე ჩანდა, როგორი მანქანა იქნებოდა და რა სიმძლავრის... ვერ ვიტყვი, რომ არ ყოფილიყო პარტიის მხარდაჭერა, მე მაინც გავიმარჯვებდი, იმიტომ რომ ხალხამდე უნდა მიხვიდე. ამავე დროს, ხალხის მხარდაჭერის გარეშე, მე არჩეული არ ვიქნებოდი".

სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად განიხილავდა დაუჭერდა, თუ არა მას მხარს ქართული ოცნება. გავრცელებული ინფორმაციით, ეს საკითხი გუნდში განხეთქილების მიზეზად იქცა, რაც რამდენიმე თვის შემდეგ პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა კიდეც. ეჭვების მიუხედავად, საბოლოოდ, ზურაბიშვილი ოცნების რჩეული კანდიდატი გახდა.