მარნეულის მერია და საკრებულო ეთნიკურ უმცირესობებს საჯარო ინფორმაციას, წერილებს, განცხადებებს, საჩივრებსა და სხვა ნორმატიულ აქტებს მშობლიურ ენაზე არ უთარგმნიან. ამ ინფორმაციას ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს და სასამართლოში ჩივილს აპირებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საჯარო უწყებები დისკრიმინაციულად იქცევიან.

"მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხრიდან ეთნიკური უმცირესობების ბაზისური უფლებების უგულებელყოფა იწვევს მათ გარიყვას და სრულ იზოლაციას საზოგადოების სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრებიდან", — ნათქვამია განცხადებაში.

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი განმარტავს, რომ საქართველოში არსებულ ეთნიკურ უმცირესობებს შორის აზერბაიჯანელი თემი უმრავლესობაშია. 2012 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მათი უმრავლესობა, 78 პროცენტი ქართულად ვერ ლაპარაკობს.