გოდერძი თევზაძის დაკავებასთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყების წერილში ვკითხულობთ, რომ დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა, პროკურატურა გოდერძი თევზაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარუდგენს, ბრალდებულის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების მოთხოვნით.

საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ჩადენაში ბრალდებული, ძებნაში მყოფი გოდერძი თევზაძე, 13 სექტემბერს ნებაყოფლობით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში.

პროკურატურის ვერსიით, 2016 წლის 7 აგვისტოს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გოდერძი თევზაძემ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიბარა დემურ სტურუა, რომელთანაც მანამდე ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. მისი დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით, გ.თევზაძემ დ.სტურუა უკანონოდ ჩაისვა სამსახურებრივ ავტომანქანაში, წაიყვანა სოფელ იანეთის მიმართულებით, ნაკლებად დასახლებულ ადგილას, სადაც დემურ სტურუას დაემუქრა დანაშაულის დაბრალებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდა პოლიციასთან თანამშრომლობას. აღნიშნულის შედეგად დ.სტურუამ მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება.