თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის გადადება ითხოვა. ამის შესახებ სესიაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

"რამდენადაც საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული მოსაზრება, რომ შეიძლება ამას [ინიციატივას] ჰქონდეს დისკრიმინაციული ხასიათი, ვთავაზობ ჩემს კოლეგებს, ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გავაგრძელოთ კონსულტაციები", — თქვა სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, არამართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებენ. მან იდეის გაჟღერებისას განმარტა, რომ ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, რადგან მათზე კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს.

სესიაშვილმა გუშინ, 2019 წლის 18 მარტს განმარტა, რომ მისი ინიციატივა ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელს ეხება. თუმცა, მისივე თქმით, თუ მართლმადიდებელ მღვდლებს რაიმე სხვა ნორმა იცავს, ეს მის კანონპროექტთან კავშირში არ არის.