სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა გადამყვანი კომპანიის მიერ ხელშეკრულების პირობის შეუსრულებლობაზე ანგარიშში წერს. საქმე ეხება შპს ჯორჯიან ბასს, რომელმაც აუქციონში გაიმარჯვა და მგზავრთა გადაყვანაზე პირველად 2015 წელს გააფორმა ხელშეკრულება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან.

აუდიტმა გამოავლინა, რომ შპს ჯორჯიან ბასი 2015 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი შვიდი მიმართულებიდან, ასრულებდა მხოლოდ სამს: თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებებით. აუდიტის ცნობით, კომპანიას მგზავრები არ გადაუყვანია გუდაურიდან, ბაკურიანიდან, მესტიიდან და ზუგდიდიდან — ქუთაისში და შემდეგ პირიქით.

აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ დარღვევები იყო როგორც აუქციონის ნაწილში, ისე გამარჯვებულის გამოვლენის ნაწილში. მათივე ცნობით, შესაბამის ვებგვერდზე არ იყო გამოქვეყნებული დეტალური პირობები, რითაც აუდიტის შეფასებით, დაირღვა აუქციონის ჩატარების მნიშვნელოვანი პრინციპები: საჯაროობა და გამჭვირვალობა.

ანგარიშის მიხედვით, შპს ჯორჯიან ბასი, რომელიც აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა, ვერ აკმაყოფილებდა აუქციონის პირობას, რადგან არ ჰქონდა მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება.

"კომპანიამ წარმოადგინა მისი დირექტორის მიერ სხვა კომპანიაში მუშაობის გამოცდილება", — აცხადებს აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე, ბესიკ ქოჩიაშვილი.

ჯორჯიან ბასის დირექტორი, შალვა ხუციშვილი On.ge-სთან საუბარში "სიცრუეს" უწოდებს აუდიტის ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობაზეა საუბარი. მისი თქმით, ჯორჯიან ბასი 2015 წლის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად ასრულებდა:

"შვიდი მიმართულება, რომელზეც აუდიტი ამბობს, ესეც სრულდებოდა. ჩვენ ყოველთვის სერვისს ვყიდდით ონლაინ რეჟიმით, ჩვენივე ვებგვერდზე. მე მაქვს დასტური ყველა ბილეთის იმ შვიდივე მიმართულებაზემ, რომელიც 2015-2016 წლებში შესრულდა".

მისივე თქმით, ვადის გასვლის შემდეგ, 2018 წლის აგვისტოში ხელშეკრულება განახლდა. ახალი ხელშეკრულებით, არცერთი კომპანია აღარაა ვალდებული შეასრულოს შვიდივე მიმართულება, არამედ, სავალდებულოა მხოლოდ სამი (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი). კომპანიის დირექტორის თქმით, კომერციული ინტერესის გამო შვიდი მიმართულება მაინც სრულდება.

ამჟამად, კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ჯორჯიან ბასით მომსახურება შეუძლიათ ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და გუდაურში, მხოლოდ ოთხ მიმართულებაზე. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ გუდაური სეზონურობის გამო დაემატა.

შალვა ხუციშვილი განმარტავს, რომ 2010 წელს დააარსა მან კომპანია ჯეოთრეველი, რომელმაც 2012 წელს დააფუძნა ჯორჯიან ბასი. შპს ჯორჯიან ბასი კი 2014 წელს დაარსდა, როგორც შპს. კომპანიის დირექტორის მტკიცებით, აუდიტის დასკვნაში აღნიშნული საკითხი გამოცდილების არქონაზე, "ფორმალურ რეგისტრაციას" ეხება, რადგან გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი მას წარმოდგენილი ჰქონდა.