ნეტფლიქსმა ახლახან ახალი ინტერაქტიული შოუ დააანონსა, რომელშიც ბანდერსნეჩის მსგავსად სასურველ თავგადასავალს მაყურებელი თავად შექმნის.

სერიალს You vs. Wild ჰქვია და მისი მთავარი გმირი ბიარ გრილსი იქნება. მაყურებელი მას კარგად იცნობს დისქავერის სათავგადასავლო შოუდან Man vs. Wild.

რვაეპიზოდიანი შოუ ველურ ბუნებაში გრილსის თავგადასავალზე მოგვითხრობს, ისტორიის განვითარებასა და წამყვანის არჩევანს კი თავად მაყურებელი განსაზღვრავს.

ნეტფლიქსის ვიცე პრეზიდენტი, სინდი ჰოლანდი ხუმრობით ამბობს, რომ You vs. Wild ისეთი "ბნელი" არ იქნება, როგორიც მათი წინა ინტერაქტიული შოუ ბანდერსნეჩი იყო.

ბიარ გრილსის ეს შოუ სტრიმინგ-სერვისის მეორე ინტერაქტიული სერიალია. Black Mirror: Bandersnatch არხზე გასული წლის დეკემბერში გამოვიდა, მისი სიუჟეტი კი ახალგაზრდა ინგლისელი პროგრამისტის, სტეფანის შესახებ მოგვითხრობდა, რომელსაც პოპულარული კომპიუტერული თამაშების შესაქმნელად დაიქირავებენ.

ამ ეტაპზე უცნობია იქნება თუ არა You vs. Wild ნეტფლიქსის ბოლო ინტერაქტიული შოუ.

ახალი სათავგადასავლო სერიალი სტრიმინგ-სერვისზე 10 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი.