ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიო თქმით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით რეკომენდაციები აპრილის მეორე ნახევარში ექნებათ მზად. როგორც მან ტელეკომპანია იმედს განუცხადა, აპრილის დასაწყისში მომხსენებლები საქართველოში ჩამოვლენ და შეხვდებიან როგორც უმრავლესობას, ისე ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

მოსამართლეების შერჩევის პროცესში ვენეციის კომისია რომ ითანამშრომლებს, 13 მარტს გახდა ცნობილი. კომისია ამ პროცესში, მოსამართლეთა შესარჩევად, გამჭვირვალე კრიტერიუმებზე მიუთითებს:

"ვენეციის კომისია ხაზგასმით ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა სტატუსი არ დარჩეს განუსაზღვრელი ზედმეტად დიდი დროის განმავლობაში", — განაცხადა ბუკიკიომ. მან აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, (პენსიამდე გასვლამდე) მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით, აუცილებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჯანი ბუკიკიოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევაზე, უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის შესაფასებლად რეკომენდაციებისთვის მიმართა. აღნიშნულ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით დღეს, 18 მარტს მხარი უკვე დაუჭირა.