იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა პარლამენტის დატოვოს, თუ ეკა ბესელია მანდატზე უარს იტყვის.

"იმხელა სიკეთე არ გამიკეთებია ჩემი სამშობლოსთვის, როგორც ეკას გადადგომას შევუწყვე ხელი", — აღნიშნა ზარდიაშვილმა.

მანამდე ზარდიაშვილმა ეკა ბესელიას უთხრა, რომ მის ხელებს "ფულის სუნი ასდის". ბესელიამ კი ზარდიაშვილს რამდენჯერმე "პატარა ზონდერი" უწოდა.

დღეს, 18 მარტს კომიტეტზე მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით ქართული ოცნების კანონპროექტს განიხილავდნენ. განხილვისას ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ვანო ზარდიაშვილი და მმართველი გუნდის ყოფილი წევრები, ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე.

ფოფხაძემ ზარდიაშვილს უთხრა, რომ კომიტეტის სხდომაზე "საბოტაჟის მეტს არაფერს აკეთებდა":

"იცი, რას გეტყვი მართლა? დავჯდეთ დებატებზე და ყველაფერს გეტყვი პირში. შენი ჭკუის სასწავლებელი არაფერი არ მჭირს ვანო, რა. მე რა უნდა გამეკეთებინა, რაც მივქარე და არ გავაკეთე, იმას გავაკეთებ, გპირდები".

რამდენიმეწუთიანი დაპირისპირების შემდეგ კომიტეტმა ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ინიცირებულ პროექტს კენჭი უყარა. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის მიუხედავად კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

ამავე თემაზე: