თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი განმარტავს, რომ მისი ინიციატივა ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელს ეხება. თუმცა, მისივე თქმით, თუ მართლმადიდებელ მღვდლებს რაიმე სხვა ნორმა იცავს, ეს მის კანონპროექტთან კავშირში არ არის. ამის შესახებ სესიაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა.

სესიაშვილი ჰგონია, რომ მისი ინიციატივა დისკრიმინაციული არ არის, რადგან პროექტში არ მიუთითებია, "ეს ეხება თუ არა მართლმადიდებელ მღვდლებს".

"კონკორდატი არსებობდა და დღესაც არსებობს. თუ ვინმეს კონკორდატის ჩანაწერი არ მოსწონდა ან არ მოსწონს, აპელირება გააკეთოს კონკორდატის ამ ჩანაწერზე და არა ჩემს პროექტზე", — თქვა სესიაშვილმა.

სესიაშვილი ამბობს, გარკვეული ორგანიზაციები სახელმწიფოს ატყუებენ, მავნებლობენ და ებრძვიან გაწვევის სისტემას, რაზეც მას, როგორც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, უნდა ემოქმედა.

ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, არამართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებენ. სესიაშვილის მტკიცებით, ამ ნორმასთან დაკავშირებით არსებობს ხარვეზები და პრობლემური საკითხები, რომლებსაც დარეგულირება სჭირდება. მან განმარტა, რომ ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, რადგან მათზე კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს.