ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გასამართლებული მირზა სუბელიანის ჩანაწერების გავრცელებიდან ხუთი თვე გავიდა. ახლა საზოგადოებისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რაც ხუთი თვის წინ იყო. ამ საკითხზე პროკურატურისთვის დასმულ კითხვაზე პასუხი უცვლელია: "მიმდინარეობს გამოძიება".

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს იურისტ-ანალიტიკოსის, თამთა კახიძის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას მიეწოდოს ყველა იმ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომელზეც მირზა სუბელიანის ჩანაწერებში იყო საუბარი.

"ხუთი თვე სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ საზოგადოების რაღაც კითხვებს პასუხი გაეცეს... დღეს, ხუთი თვის თავზე ავთენტურობასთან დაკავშირებითაც არ აქვთ ინფორმაცია გაჟღერებული", — აღნიშნა კახიძემ.

სუბელიანი ახლა სასჯელს იხდის. სასამართლომ მას პატიმრობა ერთი წლითა და ერთი თვით შეუფარდა. აუდიოჩანაწერებში სასჯელთან დაკავშირებით ის ასეთ რამეს ამბობდა: "ხო ვთქვი ერთი წელი და მომისაჯონ და დამანებონ თავი, რა. აღარ მინდა არც შეღავათი, ხო ვთქვი ერთი წელი, ვიჯდები ის ერთი წელი, დავიღალე, რა, დამანებონ თავი, რა".

ჩანაწერები ტელეკომპანია რუსთავი 2-მა 2018 წლის 14 ოქტომბერს გაასაჯაროვა, პროკურატურამ კი 15 ოქტომბერს აღნიშნა, რომ საქმეზე გამოძიება აუდიოჩანაწერის გასაჯაროებამდე ორი დღით ადრე დაიწყო. პროკურორი აცხადებდა, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს "მირზა სუბელიანის ჩანაწერების" გავრცელების მიზნით აშანტაჟებდნენ.

"12 ოქტომბერს მისთვის [პენიტენციური სამსახურის თანამშრომლისთვის] უცნობი ადამიანი, რომელმაც მასზე მოახდინა შანტაჟი, რომ გაუვრცელებდა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, სანაცვლოდ მას უნდა გაევრცელებინა ის ჩანაწერი... მისთვის უცნობია ადამიანი, რომელმაც გადასცა ეს ჩანაწერი", — განაცხადა პროკურორმა 15 ოქტომბერს.

მისი თქმით, პირველი ეტაპი იყო "სუბელიანის ჩანაწერების" ავთენტურობის შესწავლა. ხუთი თვის თავზე ამ საკითხზეც პასუხი იდენტურია, "მიმდინარეობს გამოძიება". იგივე პასუხია ყველა იმ საქმეზე, რომელზეც ამ ჩანაწერებში ნახსენები.

სუბელიანის ჩანაწერების მთავარი აქცენტები

აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, სუბელიანს კომპრომატები აქვს ისეთ გახმაურებულ საქმეებზე, როგორიცაა ხარძიანის მკვლელობის საქმე და სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე. გარდა ამისა, ის ინფორმაციას ფლობს: ნავთლუღის სპეცოპერაციაზე, ახალაიას, თეთრაძისა და ციხის ბუნტის საქმეებზე.

"ესენი რო იჯდნენ და ყ.ე განკარგულებებს გასცემდნენ, იმხელა უტვინო ვიყავი, რო თავი არ დამეზღვია ამათთან?!. ორი ჩანაწერი უნდა და ბ..შვილი ვიყო რუსთაველი გამოვა და ოცნება აღარ იქნებით, დამიჯერე. პროსტა, კაცურად გეუბნები, არ ვარ მე ამის მკადრებელი კაცი და ნუ მაკადრებინებთ", — ისმოდა ჩანაწერში, სადაც ასევე საუბარი იყო "პირად შემადგენლობაზე".

ტელეკომპანია რუსთავი 2 ჩანაწერების გავრცელებისას აღნიშნავდა, რომ სუბელიანს თავისი განაჩენი ხელისუფლებასთან წინასწარ აქვს შეთანხმებული:

"ვამბობ ეგეთ რაღაცას ძმაო, მომისაჯონ, დავიღალე რა, რო წახვალ უთხარი, მომცენ მე ჩემი, არ მინდა არც შეღავათი და არც არაფერი, ხო ვთქვი ერთი წელი და მომისაჯონ და დამანებონ თავი რა. აღარ მინდა არც შეღავათი, ხო ვთქვი ერთი წელი, ვიჯდები ის ერთი წელი, დავიღალე რა, დამანებონ თავი რა".