დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას საქმეს ტვიტერზე ეხმიანება და აღნიშნავს, რომ განმარტების გაკეთება მხოლოდ რუსეთს შეუძლია.

29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 მარტს მიიღო ინფორმაცია. მათი ინფორმაციით, გალის რაიონში დაკავებულმა კვარაცხელიამ თავი მოიკლა.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებით, 1990 წელს დაბადებული ირაკლი კვარაცხელია 2019 წლის 10 მარტს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. მათივე განცხადებით, პროცესუალური დოკუმენტების გასაფორმებლად დაკავებული რუსეთის სასაზღვრო სამსახურის განყოფილებაში გადაიყვანეს. გარდაცვლილის მეგობრებსა და ახლობლებს არ სჯერათ, რომ მან თავი მოიკლა.

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 13 მარტს გადმოასვენეს. გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასრულებამდე ოფიციალური პირები არაფერს ამბობენ.