შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში დააკავეს პირი, რომელმაც ნუცუბიძის ქუჩაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის სახლი გაქურდა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა სახლიდან მცირე ზომის სეიფი მოიპარა, რომელშიც ფული და თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული იარაღი ინახებოდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა 4-დან 7 წლამდე.