თბილისში, ფონიჭალაში ნარკორეალიზატორობის ბრალდებით 29 პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკავებულები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებისაქართველოში ნარკოტიკების გავრცელებას სათავეში ედგნენ."სამართალდამცველებმა დაკავებულებისაგან რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის "ჰეროინის" და "კოკაინის" საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა", — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულების პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ათეულობით შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის, გასაღების და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე
გრძელდება. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-6 ნაწილებით და 262-ე მუხლის მე-3
და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ.