კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ორივე ქუჩაზე სრულად ანახლებს 4,5 კმ სიგრძის, როგორც წყალმომარაგების ასევე წყალარინების ქსელებს.

პროექტის ფარგლებში, კომპანია ახალ ქსელზე თანამედროვე ინფრასტრუქტურულ ელემენტებს, 40 ერთეულ ჩამკეტ მარეგულირებელ ურდულს ამონტაჟებს.

"კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჯივიპის 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია. ამ ეტაპზე, რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად ვმუშაობთ და ორივე ქუჩაზე გეგმის მიხედვით მიდის წყალმომარაგების სისტემის შეცვლა. პროექტის მიხედვით სრულად ვანახლებთ, როგორც წყალმომარაგების ასევე წყალარინების ქსელებს, რაშიც 2 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ვახორციელებთ" — განაცხადა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოპერაციების მართვის დირექტორის მოადგილემ ზურაბ ალფაიძემ.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩებთან ერთად ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების სისტემას თბილისის 20 ქუჩაზე ანახლებენ.

კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტს ჯივიპი თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს. წყალმომარაგების სისტემის განახლების შემდეგ დედაქალაქის მერია ასფალტის ახალ საფარს დააგებს.