ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით საქართველოს მოქალაქის დახმარება დასჯადი ხდება. კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობაა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განმარტებით, ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდება.

"საუბარია წინასწარი შეცნობით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში უკანონო დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნას და ორგანიზებას და ასევე, ამავე განზრახვის და ფინანსური დაინტერესების მიზნით საქართველოს მოქალაქისთვის უსაფუძვლოდ თავშესაფრის მიღებაში დახმარების აღმოჩენას", — თქვა ხულორდავამ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა On.ge-ს განუცხადა, სასჯელი 2-დან 4 წლამდე პატიმრობას გაითვალისწინებს. ჯგუფის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენაზე კი 6-წლიანი პატიმრობა იქნება გათვალისწინებული.