რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას დაკავებას გეგმავდა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ჟურნალისტთან ისაუბრა. ბერძენიშვილმა გაიხსენა მაშინდელი უმრავლესობის ერთ-ერთი სხდომის დეტალები, სადაც მისივე თქმით, განხილვის მთავარი თემა ირაკლი ალასანია და ე.წ. კაბელების საქმე იყო:

"აქ არის კორუფცია, ეს იყო მისი [ბიძინა ივანიშვილის] სიტყვა და ირაკლი ალასანიამ ეს მოძებნა ფორმად და იმიტომ მიდის ოპოზიციაში, რათა პოლიტიკას შეაფაროს თავი. ის ლაპარაკობდა ირაკლი ალასანიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე. მას ჰქონდა გადაწყვეტილი ირაკლი ალასანიას ჩამოშორება. ეს მისი სტილია, თუმცა არ დაუშავებია [ირაკლი ალასანიას], ვერ დაუმტკიცეს დანაშაული. ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ მე კარგად ვიცი ეს საქმეო, თქვენ ეს არ იცით, პროკურატურამაც იმდენი არ იცის, რაც მე ვიცი. აქ არის კორუფცია და აქ არის დანაშაული".

დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ მაშინ იმ სხდომას ესწრებოდა თავისუფალი დემოკრატების მაშინდელი წევრი, ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, რომელმაც მისივე თქმით, არ მოიწონა დეპუტატების გამოსვლა:

"პირდაპირ ბიძინას არ დაუპირისპირდა, მაგრამ მან პოზიცია გამოხატა. იმ დეპუტატებს, რომლებიც აყვნენ ბიძინა ივანიშვილს და კორუფცია, კორუფციაო იძახეს, იმათ უთხრა, რომ მე არ ვიცი მინისტრმა და თქვენ საიდან იცით მასალებიო"

ბერძენიშვილი იხსენებს, რომ შეტევა იყო ირაკლი ალასანიაზე:

"ივანიშვილმა უმრავლესობის სხდომაზეც თქვა, რომ ერთი-ორი კაცი თუ დარჩება მასთან, თორემ დანარჩენები არ დარჩებიანო, მაგრამ დარჩნენ. ნინო გოგუაძეზე იყო გაბრაზებული იმიტომ, რომ ეიმედებოდა ნინო გოგუაძე. ბიძინა ივანიშვილს არ შეუძლია პარტნიორობა. მას შეუძლია მარტო პატრონობა და ის კომფორტულად გრძნობს თავს მხოლოდ ყმებთან ურთიერთობაში. არ ვეყმეთ ჩვენ, არ ეყმო ირაკლი ალასანია".

დავით ბერძენიშვილის განცხადებას, დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ მას ივანიშვილისგან არასდროს მოუსმენია რაიმე ალასანიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე. სესიაშვილი დავით ბერძენიშვილის განცხადებაზე ამბობს, რომ "შესაძლოა, ეს მისი პოლიტიკური დღის წესრიგია".

"არის ასეთი ტენდენციები, როცა ხარ გუნდში და გუნდიდან მიდიხარ, თუ გინდა, რომ პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნდე, გჭირდება სკანდალური განცხადება. მას შემდეგ, რაც საკითხის ნაწილი, ანუ მასალების ნაწილი გასაჯაროვდა, მოეხსნა გრიფი, მაშინ მეტნალებად ყველას ჰქონდა წვდომა, ასე, რომ ნუ გეგონებათ და ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ ვიღაცას არაკანონიერად აქვს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა. ეს არის არასწორი ნაბიჯი ბატონი დავით მხრიდან... უმრავლესობის ასეთ შეხვედრებს, მათ შორის მისი თანაპარტიელებიც ესწრებოდნენ. არა მარტო თეა წულუკიანი, მის თანაპარტიელებს ჰკითხეთ, იყო თუ არა ასეთი შემთხვევა. მე მგონი, ვერავინ დაგიდასტურებთ", — ამბობს სესიაშვილი.

საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ე.წ. კაბელების პროექტს, რომლისთვისაც 2013 წელს სახელმწიფოს სარეზერვო ფონდიდან 6 720 877 ლარი გამოიყო, თუმცა პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის მხოლოდ 2 618 005 ლარი იყო საჭირო. სწორედ ამ რიცხვებს შორის სხვაობის - 4 102 872 ლარის გაფლანგვას ედავება პროკურატურა უკვე მსჯავრდებულ 5 პირს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი 16 მაისს ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და სასჯელად თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა. 2017 წელს კი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მსჯავრდებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები შეიწყალა.

უფრო მეტი იხილეთ აქ:

კაბელების საქმე: დეტალები მოკლედ