პოეტი და ქართული ოცნების ყოფილი მხარდამჭერი დავით მაღრაძე აცხადებს, რომ 10 წლის წინ შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი საქართველო გააქტიურდება. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში გადაცემა რეაქციაში საუბრისას თქვა.

"მე ვიგრძენი ამის საჭიროება და განვაცხადე ხმამაღლა", — აცხადებს მაღრაძე და იქვე განმარტავს, რომ "ივანიშვილი-სააკაშვილის დაპირისპირების ჩარჩოდან უნდა გათავისუფლდეს ხვალინდელი დღე".

"უსამართლობა იყო მთავარი მიზეზი ამ ორგანიზაციის შექმნის, რომელიც ზეობდა მაშინ ჩვენს ქვეყანაში. ბევრ საფრთხეს ატარებდა, რადგან ამ ხალხმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიარა ეს პერიოდი... ახლა ეს დაპირისპირება [სააკაშვილი-ივანიშვილის ხელისუფლების] ვიდრე ატარებდა შინაარსს, ამ შინაარსის გამო, ბევრი რამ იყო გამართლებული. როდესაც ახალმა ხელისუფლებამ ზნეობრივი არჩევანი გააკეთა იმათ სასარგებლოდ, რასაც ჩვენ ვუპირისპირდებოდით, ჩამოიცალა შინაარსისაგან. სამართლიანობა ჩამოიქცა", — ამბობს მაღრაძე.

მისივე თქმით, ის ბიძინა ივანიშვილს დღესაც პატივს სცემს, როგორც მოქალაქეს მისი დამსახურებების გამო, თუმცა აღნიშნავს, რომ მის პოლიტიკას აღარ იზიარებს.

საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი საქართველო 2009 წელს ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დაწყებიდან მალევე, ოპოზიციის ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ შექმნა.