შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გასვლას დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულ ინიციატივას 308-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი 312 იყო. კენჭისყრამდე პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ბრექსიტს შეთანხმების გარეშე მხარს არ დაუჭერს.

14 მარტს პარლამენტში კიდევ ერთი კენჭისყრა უნდა ჩატარდეს, ამჯერად ბრექსიტის თარიღის გადადებაზე. ამავე დროს, ევროკავშირი აცხადებს, რომ თარიღის გადადებისთვის მყარი არგუმენტები და სამოქმედო გეგმა უნდა ჰქონდეთ. თუ ხუთშაბათის კენჭისყრაც ჩავარდება, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვება შეთანხმებისამებრ 29 მარტს მოუწევს.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ბრექსიტის განახლებული გეგმა 12 მარტს ჩააგდო. დეპუტატებმა მეის პროექტს უკვე მეორედ არ დაუჭირეს მხარი.

ტერეზა მეის შეთანხმება უკმაყოფილებას იწვევს როგორც ევროსკეპტიკოსებში, ისე ბრექსიტის მხარდამჭერებში. გეგმის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მსგავსი გეგმით დიდი ბრიტანეთი დაზარალდება და ევროკავშირის გავლენა ქვეყანაში შენარჩუნდება.

განსაკუთრებული უკმაყოფილება კი გამოიწვია შეთანხმებამ ე.წ. ბექსტოპზე — ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის საკითხი. ირლანდია ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც ბრიტანეთს სახმელეთო საზღვარი აქვს. მეისა და ევროკავშირს მიაჩნია, რომ საზღვარი ნომინალური უნდა იყოს, სასაზღვრო პუნქტებისა და პასპორტის კონტროლის გარეშე, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან "მკაცრი ბრექსიტის" მომხრეები.

მას შემდეგ, რაც მეის გეგმის პირველადი ვარიანტი 15 იანვარს ჩავარდა, ის ევროპაში დამატებითი გარანტიებისთვის გაემგზავრა. 12 მარტის კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე მეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირთან შეთანხმებას მიაღწია და ე.წ. ბექსტოპთან დაკავშირებით გარანტიები მიიღო. კერძოდ, ე.წ. ბექსტოპი დროებითი იქნებოდა. მაშინ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ეს "ბოლო შანსია და მესამე აღარ იქნება".

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ფორმალურად 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს, რის შემდეგაც სამწლიანი გარდამავალი პერიოდი დაიწყება.