ორშაბათს ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა 28 000 წლის წინ მცხოვრები მამონტის უჯრედები ნაწილობრივ გააცოცხლეს, ამისათვის მათ მამონტიდან მიღებული უჯრედები თაგვის სასქესო უჯრედებში გადანერგეს, რის შედეგადაც 28 000 წლის განმავლობაში გაყინულმა უჯრედებმა ბიოლოგიური აქტივობა გამოავლინა.

აღნიშნული მიღწევა ნიშნავს, რომ დიდი ხნის განმავლობაში მკვდარი ორგანიზმების უჯრედებში ბიოლოგიური აქტივობის აღძვრა გარკვეულწილად შესაძლებელია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მეცნიერები უახლოეს მომავალში მამონტების გაცოცხლებას შეძლებენ.

კინდაის უნივერსიტეტის მეცნიერებმა უჯრედები 2010 წელს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში აღმოჩენილი განამარხებული მამონტისგან აიღეს, რომელსაც ზედმეტსახელად იუკას უწოდებენ.

2010 წელს იუკა სრულად გაყინულ მდგომარეობაში მიწის ქვეშ იპოვეს, ასეთ შემთხვევებში დაბალი ტემპერატურის გამო ხშირად ცხოველის კანი, ბეწვი, ტვინი და სხვა რბილი ქსოვილი ხელუხლებელი რჩება. რადგანაც იუკა განსაკუთრებით კარგად იყო შემონახული, მეცნიერებმა მისი კუნთის ქსოვილიდან 88 ბირთვის მსგავსი სტრუქტურის გამოყოფა შეძლეს.

შემდეგ კი მეცნიერებმა აღნიშნული სტრუქტურები თაგვის ოოციტებში გადანერგეს, რომლებიც მდედრობით სასქესო უჯრედებს წარმოადგენენ.

უჯრედების ინკუბაციის შემდეგ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მამონტის უჯრედები ნაწილობრივ გაცოცხლდნენ. ისინი არ გაყოფილან, თუმცა მათ გარკვეული პროცესები, რომლებიც საბოლოოდ გაყოფით მთავრდება, წარმატებით განახორციელეს. მაგალითად, წარმატებით აეწყო თითისტარას ძაფები, ეს მოლეკულური სტრუქტურებია, რომლებიც უჯრედში ქრომოსომების სწორ განლაგებას განაპირობებენ.

დაახლოებით ათი წლის წინ მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება მეცნიერების კიდევ ერთმა გუნდმა 15 000 წლის წინანდელი მამონტის უჯრედების გამოყენებით სცადა, თუმცა წარუმატებლად.

ფაქტი, რომ იუკას უჯრედებმა გააქტიურება მოახერხა დამაიმედებელია, თუმცა ნაწილობრივი გააქტიურება ხაზს უსვამს იმ დიდ გამოწვევებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხზე მომუშავე მეცნიერების წინაშე დგას. იუკა განსაკუთრებით კარგად შემონახული ნიმუში იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისმა უჯრედებმა გაყოფა მაინც ვერ შეძლო.

"მიღებული შედეგები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ტექნოლოგიით მამონტების კლონირება შეუძლებელია. თუმცა კვლევაში გადაშენებული ცხოველის უჯრედების გარკვეული სტრუქტურების გააქტიურება შევძელით, რაც შესაძლოა ასეთი ცხოველების უკეთ შესწავლაში დაგვეხმაროს", - აცხადებენ კვლევის ავტორები.