დღეს შევარდენის სარაგბო ბაზაზე საქართველოს რაგბის კავშირსა და პირველი ქართული ვისკის, JIMSHER–ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რის შედეგადაც JIMSHER საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი გახდა.

ვისკი JIMSHER-ის წარმოება 2016 წელს დაიწყო, მას შემდეგ კომპანია მხარს ქართული ხელოვნებისა და სპორტის არაერთ მიმდინარეობას უჭერს. ამჟამად კი კომპანიის პრიორიტეტი ქართული რაგბი და მისი მხარდაჭერაა.

2019 წელს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს გარდა არაერთი მნიშვნელოვანი ოფიციალური თამაშისა, წინ მსოფლიო თასის გათამაშებაც ელოდება. 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის გათამაშება იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბრამდე გაგრძელდება.

გამართულ პრესკონფერენციაზე რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და JIMSHER-ის დამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

"საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2019 წელი, რადგან წელს ოფიციალური თამაშების გარდა მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის გათამაშებისთვისაც ემზადება", - აცხადებს JIMSHER-ის დამფუძნებელი ჯიმშერ ჩხაიძე.

JIMSHER ამჟამად სამი სახეობის, საფერავის, წინანდლისა და ქართული ბრენდის კასრებში დაძველებულ ვისკს აწარმოებს. ჯიმშერ ჩხაიძის თქმით, 2019 წელი მნიშვნელოვანია JIMSHER-სთვისაც, რადგან წელს კომპანია ვისკის ახალ ქარხანას გახსნის, რომლის მშენებლობაც უკვე მიმდინარეობს.

"მოხარული ვარ, რომ რაგბის კავშირის მეგობართა სიას კიდევ ერთი ქართული კომპანია შემოუერთდა. დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 15 მარტს რუსეთში გაემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ბორჯღალოსნები რუსეთთან დაგეგმილი მატჩისათვის აქტიურად ემზადებიან და გულშემატკივრებს გამარჯვებას ჰპირდებიან. საქართველოს ნაკრებს ჯიმშერ ჩხაიძემ წარმატებებები პირადად უსურვა.