ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი, ეკა ბესელია თავის ყოფილ თანაგუნდელ ირაკლი კობახიძეზე ამბობს, რომ იცრუა. საქმე ეხება რუსთავი 2-ზე გასულ ინტერვიუს, სადაც კობახიძე ამბობს, რომ ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის გამო არ გადამდგარა, არამედ მაშინ "სულ სხვა მოვლენები ვითარდებოდა". ამის შესახებ ეკა ბესელიამ TV პირველის დღის ამბებში ისაუბრა. ბესელია ამბობს, რომ ზეწოლა კომიტეტის სხდომის დამნიშვნაზე არ განუხორციელებია კობახიძეს და მასზე "ვერც ვერავინ მოახდენდა ზეწოლას".

"მე ვურჩევ მასაც და სხვებსაც, თავი დაანებონ ამ თემებზე სპეკულაციებს, ამ პოლიტიკურ ჭინთვებსაც თავი დაანებოს, ან თქვას, რა არის ის სხვა მიზეზი, რის გამოც გადავდექი. ნუ იტანჯება. ამით ნუ ახსნის, რომ მე მიფრთხილდება, რომ რაღაც იციან და ვერ ამბობენ. ისე საბრალოდ გაიხლართნენ და გაეჭედნენ ამ თავის მოფიქრებულ სცენარში, რომ ვეღარ გამოაგნეს იქედან გზა", — ამბობს ბესელია.

ეკა ბესელია დებატებში იწვევს კობახიძესა და მის თანამოაზრეებს, რათა პირდაპირ ეთერში განიხილონ, როგორ შეაჩერეს მოსამართლეთა სია.

"თუ ენას არ გააჩერებს და კიდევ უფრო შორს წავა, მე მომიწევს კიდევ უფრო მეტი დეტალის ახსნა. არამგონია, მისთვის ეს სასიამოვნო იყოს", — თქვა ეკა ბესელიამ.

გუშინ, 12 მარტს რუსთავი 2-ზე გადაცემა არჩევანში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეკა ბესელიას არავინ აიძულებდა, მოსამართლეთა საკითხთან დაკავშირებით სხდომა დაენიშნა:

"სამწუხაროა, რომ არაერთი ტყუილი ისმოდა კონკრეტული ადამიანების მხრიდან. ერთ-ერთი მაგალითი არის ის, რომ თითქოს მე ვლობირებდი მოსამართლეთა სიას და მათ შორის ტყუილი ითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მე ვაიძულებდი ეკა ბესელიას, ჩაენიშნა კომიტეტის სხდომა პარასკევისთვის. საუბარია ახალი წლის პერიოდზე. საერთოდ სხვა მოვლენები ვითარდებოდა რეალურად ამასთან დაკავშირებით პარლამენტში".

ეკა ბესელიას წასვლა ქართული ოცნებიდან

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის მიზეზით დატოვა. ბესელიას პოზიციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდებოდნენ და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

ბესელია მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობების დატოვების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა. მისი გადადგომის შემდეგ ზარდიაშვილს მოუწევდა ამ თანამდებობაზე მუშაობა. ბესელია კი ამბობდა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ზარდიაშვილის ხელში ვერ დატოვებდა. ვანო ზარდიაშვილი ის დეპუტატია, რომლის "სასამართლოს გავლენიან ჯგუფებთან" კავშირებზე არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ.

თანამდებობის დატოვები მიზეზებზე საუბრისას ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მხარი დაეჭირა.

მას შემდეგ, რაც მოსამართლეების დანიშვნის საკითხი საზოგადოებისა და არასამთავრობოების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა, ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ 5 თებერვალს განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, არ დაუშვებენ სასამართლო ხელისუფლების "უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაციას".

ოცნების დეპუტატებმა, ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ თქვეს, რომ პოლიტსაბჭოს განცხადება მათთვის მიუღებელი იყო და ამაზე უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებდნენ. 6 თებერვალს კი მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესაჩერებლად კანონპროექტი დაარეგისტრირეს.

უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბესელიამ თქვა, რომ დადგა ის მომენტი, როცა გადაწყვეტილების მიღებაზე უნდა ეფიქრა. მისი თქმით, რამდენიმე დღე სჭირდებოდა იმის გადასაწყვეტად დატოვებდა თუ არა პარტიას. ლევან გოგიჩაიშვილმა კი აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, მაგრამ გაჟღერებამდე სურდა დაენახა სად დაშორდა მისი და პარტიის ინტერესები ერთმანეთს.

19 თებერვალს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ბესელიასა და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერებაზე მხარი არ დაუჭირა. დღეს, 21 თებერვალს კი კანონპროექტი პარლამენტის კენჭისყრაზე ჩავარდა.