ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალის რაიონში გარდაცვლილის მეგობარი ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ მისი აზრით, ირაკლი კვარაცხელია რუსმა სამხედროებმა ცემით მოკლეს. იგი სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთან, გასულ კვირას დააკავეს. კვარაცხელიას მეგობარი იხსენებს, რომ ადგილზე შელაპარაკება მოხდა:

"მანქანა მოვიდა, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. შელაპარაკება მოუვიდათ, ცოტა ნასვამი იყო საწყალი ბიჭი. იქ ცუდად გახდა, ექთნები მიუყვანეს, პირველადი დახმარება გაუწიეს, მაგრამ ექთნები ვერაფრით დაეხმარებოდნენ. რუსების ბაზაზეა გარდაცვლილი, შეიძლება კი არა დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ სცემეს. სხვა რამ უბრალოდ გამორიცხულია. ძალიან ხშირია ასეთი ფაქტები, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ რუსები ფიზიკურ ძალადობაზე გადადიან, მაგრამ ამის თაობაზე არავის მიუწოდებია საქართველოს ხელისუფლებისთვის ინფორმაცია და არ არის ცნობილი".

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, დე ფაქტო ხელისუფლებამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქემ, ირაკლი კვარაცხელიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. მისი თქმით, საქართველო ყველა მექანიზმს იყენებს ობიექტური გარემოების დასადგენად.

"გვქონდა საუბარი ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს სპეციალურ წერმომადგენლებთან, ასევე ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, მუდმივ კავშირზე ვართ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. საქართველოს ყველა საელჩომ მიიღო შესაბამისი ინსტრუქცია, რომ აღნიშნული შესახებ საქმის კურსში ჩააყენონ პარტნიორი ქვეყანები და გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისთანავე საერთაშორისო თანამეგობრობას ასევე მიეწოდება შესაბამისი ცნობები", — განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, იგი "სპეკულაციებს არ დაიწყებს", რადგან სხვადასხვა არხების მეშვეობით, გარდაცვალებების გარემოებები დგინდება.

"ახლა სხვა ვარაუდების გამოთქმა იქნება ძალიან უპასუხისმგებლო", — აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.