დღეს, თბილისში, ინტერპოლის კონფერენციის გახსნაზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან დემურ სტურუას საქმეზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და მოსახლეობაში გავრცელებული ეჭვი იმის შესახებ, რომ სამართალდამცავები ეჭვმიტანილს ხელს აფარებენ, უსაფუძვლოა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერცერთ ეჭვმიტანილს, ვერცერთ დამნაშავეს ეგრეთ წოდებულს, პირობითად ვამბობ მე ამ სიტყვას იმიტომ, რომ დამნაშავედ, სანამ სასამართლო განაჩენი არ იქნება, არ შეიძლება ადამიანის შერაცხვა, ვერავინ ვერ დააფარებს ხელს მანამ, სანამ მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ. ამ ბოლო პერიოდში რაღაც ისტერიული ხასიათი მიიღო პოლიციელების დადანაშაულებამ. აი ეს ისტერიკა ადრე თუ გვიან დამთავრდება, ამას მოვირჩენთ აუცილებლად და მინდა გითხრათ, რომ ყველანი გავთავისუფლდეთ ემოციებისგან და ცოტა ცივ გონებაზე შევხედოთ პოლიციის მოქმედებებს."

ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტ მილენიუმის ფარგლებში საქართველოს დედაქალაქში ორდღიანი ღონისძიება იმართება. გიორგი მღებრიშვილმა 24 ქვეყნის 58 დელეგატს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის კუთხით მიღწეული შედეგები და განხორციელებული პროექტები გააცნო.